18 აგვისტოს საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა. ის დღეს 41 წლის გახდებოდა.

საქართველოს ეროვნული გმირი გიორგი ანწუხელიძე 1984 წლის 18 აგვისტოს, ახმეტის რაიონის სოფელ ქვემო ალვანში დაიბადა.

მე-4 ქვეითი ბრიგადის 41-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე, უმცროსი სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში მონაწილეობდა. 9 აგვისტოს იგი მოწინააღმდეგეს ტყვედ ჩაუვარდა და წამებით მოკლეს.

მას 2013 წლის 15 აპრილს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.

გიორგი ანწუხელიძე დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით და უწყებრივი მედლით “სამშობლოსათვის თავდადებული“. მის სახელს ატარებს სერჟანტთა აკადემია.