რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური (ФСБ) აცხადებს, რომ უკრაინის სპეცსამსახურების მიერ ყირიმის ხიდის აფეთქების კიდევ ერთი მცდელობა აღკვეთეს.

მისივე მტკიცებით, ასაფეთქებელი მოწყობილობა Chevrolet Volt-ის მარკის ავტომობილში იყო მოთავსებული და რუსეთში "ზემო ლარსის" საკონტროლო-გამშვები პუნქტის გავლით ჩავიდა.

"Chevrolet Volt-ის მარკის ავტომობილში მძლავრი ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამონტაჟებული. დადგენილია, რომ მაღალი სიმძლავრის ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობით აღჭურვილი ავტომობილი უკრაინიდან რუსეთში რამდენიმე ქვეყნის გავლით ტრანზიტით ჩავიდა. გადაკვეთა საკონტროლო-გამშვებ პუნქტი "ზემო ლარსი“ და კრასნოდარის მხარეში უნდა გამგზავრებულიყო. შემდეგ იგეგმებოდა მანქანის გადაცემა იმ პირისთვის, რომელიც მას ყირიმის ხიდზე გადაიტანდა და "უნებლიე თვითმკვლელ ტერორისტად“ იქცეოდა", - აცხადებენ რუსეთის უშიშროების სამსახურში.

მისივე ცნობით, სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და დანაშაულის ყველა ორგანიზატორი და თანამონაწილე დაისჯება.

საქართველოს გავლით ასაფეთქებელი ნივთიერებების მიწოდების შესახებ განცხადება მოსკოვში 2022 წლის ოქტომბერში ყირიმის ხიდზე სატვირთო მანქანის აფეთქების შემდეგაც გააკეთეს. მაშინ რუსეთის ხუთი და უკრაინის სამი მოქალაქე დააკავეს. გარდა ამისა, ბრალდება წაუყენეს საქართველოს მოქალაქეს, რომელიც 2024 წელს სახელმწიფოთაშორის ძებნილ პირთა სიაში შეიყვანეს.