რეალურად, ძალიან ბევრი გასაღები იყო იმისთვის, რომ კონკრეტული ადამიანების იდენტიფიცირება მომხდარიყო და სულ ცოტა ის დადგენილიყო, რომ ეს ადამიანები ცრუ ჩვენებებს იძლევიან სასამართლოში, - ამის შესახებ გიორგი ახობაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მტკიცებულებების დიდი ნაწილი, სავარაუდოდ, აღარ არსებობს.

"დაახლოებით 4-ჯერ მივმართე სასამართლო პროცესზე, მათ შორის მოსამართლის გავლით, როგორც წესი და რიგია და საპროცესო კოდექსში გაწერილი ყველანაირი საშუალებით, ლექსიც ვუთხარი, სიმღერაც და არანაირი რეაგირება არ ჰქონიათ.  

არადა, შმაგი გობეჯიშვილი თავისი სტატუსით ვალდებულია, რომ გაჟღერდება მისი თანდასწრებით, კონკრეტული, სავარაუდოდ, სისხლის სამართლის დანაშაულის შემცველი მოვლენები უნდა დაიწყოს გამოძიება. ეს არ ქნეს.
მონაცემების ამოღება შეუძლია გამოძიებას, როგორიც არის გეოლოკაცია და სატელეფონო ანძების, სად იჭერდა ტელეფონი ამის ამონაწერი. მაგით უკვე კონკრეტულ პიროვნებებს დავადგენდით ვინ იყო იქ იმწუთას სანაპიროზე. დავადგენდით იმას, რომ იტყუებოდნენ, რომ რუსთაველიდან მოვიდნენ მას შემდეგ რაც ჩხრეკა დაამთავრეს და უბრალოდ მანქანების წაყვანაში დაეხმარნენ. 

პირველი, ყველაზე მნიშვნელოვანი გასაღები ამ ყველაფრის არის 112-ის კამერები, რომლიდანაც იდენტიფიკაცია უნდა მოგვეხდინა და დაგვედასტურებინა ის, რასაც მე ვამბობდი, რომ მათი მანქანების რაოდენობა იყო მეტი და უკვე ამ მანქანებს უნდა გავყოლოდით კამერებით, მათ შორის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის პერიმეტრის მაკონტროლებელ კამერებში, შიდა კამერებში და დროებითი მოთავსების იზოლატორის შესასვლელთან არსებულ კამერებში გამოჩნდებოდნენ კონკრეტული ადამიანები, რომლებიც, მაგალითად ალექსი კობერიძის ცრუ ჩვენება პირდაპირ დადასტურდებოდა, დროებითი მოთავსების იზოლატორთან შესასვლელთან არსებული კამერით. 

რეალურად, ძალიან ბევრი გასაღები იყო იმისთვის, რომ კონკრეტული ადამიანების იდენტიფიცირება მომხდარიყო და სულ ცოტა ის დადგენილიყო, რომ ეს ადამიანები ცრუ ჩვენებებს იძლევიან სასამართლოში. მტკიცებულებების დიდი ნაწილი, სავარაუდოდ, ჩემი ვარაუდით, აღარ არსებობს",  - განაცხადა გიორგი ახობაძემ.  

მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა გიორგი ახობაძე უდანაშაულოდ ცნო და გაათავისუფლა. გიორგი ახობაძე 2024 წლის 7 დეკემბერს დააკავეს. მის წინააღმდეგ გამოძიება 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობდა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს. განაჩენი პროკურატურამ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.