მოსამართლე გალუსტაშვილო, კარგად დაიმახსოვრე, შენს კარზე დააკაკუნებს სამართალი, შენ ღმერთი მოგიზღავს, - ამის შესახებ დაკავებული მათე დევიძის დამ ელენე დევიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ჟურნალისტს რომ სცემენ, შეურაცხყოფებს აყენებენ - ამაზე არავინაა დასჯილი.

"ასეთი პატარა ასაკის ადამიანს სრულიად უმიზეზოდ რომ სჯი და თავის მართლების საშუალებას არ უტოვებ, ძალიან ცუდია და მათემ სწორედ ის თქვა, რომ სჯიან ჯოხისმაგვარი საგნის ქნევისთვის და რიგით მოქალაქეს ან ჟურნალისტს რომ სცემენ, შეურაცხყოფებს აყენებენ - ამაზე არავინაა დასჯილი.

მიუხედავად იმისა, რომ არ მქონდა იმედი სამართლიანი გადაწყვეტილების, მაინც ძალიან მძიმე იყო განაჩენის მოსმენა. მოსამართლე გალუსტაშვილო, კარგად დაიმახსოვრე, შენს კარზე დააკაკუნებს სამართალი, შენ ღმერთი მოგიზღავს სამაგიეროს მათესთვისაც და სხვა ბიჭებისთვისაც", - განაცხადა ელენე დევიძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 21 წლის მათე დევიძეს 4 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. განაჩენის გამოცხადებას მათე დევიძე არ დასწრებია.

მათე დევიძე 2024 წლის 19 ნოემბრის საპროტესტო აქციაზე დააკავეს.