როგორც კი სახალხო დამცველის კონსილიუმი შემოვა და დადებს დასკვნას, მაშინვე საქმე წავა სტრასბურგში, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის დედამ გიული ალასანიამ განაცხადა.

მისივე თქმით, გაუგებარია პენიტენციური სამსახურის ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები, რომ მიხეილ სააკაშვილი არ ჭამს, მაგრამ წონაში იმატებს.

"იძახიან, რომ იკლებს, ხან იძახიან, რომ იმატებს. თურმე არ ჭამს, მაგრამ იმატებს. ეს როგორ ხდება?! მე ვხედავ, რომ ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, ცარიელი ძვალი და ტყავია ადამიანი. ვერ მოძრაობს, არანაირი ძალა აღარ აქვს საერთოდ.

ყოველ წუთში შემოდის ექთანი, რაღაც ტაბლეტებს აძლევს და არასოდეს გამიგია, რომ რამეზე უარი ეთქვას.

პოლონელ ექიმებთან დაკავშირებით, არანაირი ინფორმაცია არ მაქვს, რადგან ეს ჩემი ინიციატივით არ ყოფილა. ვიცი, რომ ისინი მზად არიან, აქვთ გამზადებული სპეცრეისი, შესაბამისი აღჭურვილობით, რომ საჭირო ანალიზები ჩატარდეს.

როგორც კი სახალხო დამცველის კონსილიუმი შემოვა, ეს ადამიანები, რომლებიც არაერთხელ ყოფილან და კარგად იციან პაციენტის მდგომარეობა როგორც კი ესენი შემოვლენ და დადებენ თავიანთ დასკვნას, მაშინვე წავა სტრასბურგში",- აცხადებს გიული ალასანია.