სინდისი პატიმარი, არჩილ მუსელიანცი “ტვ პირველისთვის“ გაგზავნილ წერილში საპატიმროში არსებულ უმძიმეს მდგომარეობაზე საუბრობს.

მისი თქმით, გლდანის სატუსაღოში ბრალდებულ-მსჯავრდებულებისთვის განკუთვნილი კვება საშინლად ბინძური და უგემურია.

მუსელიანცი დეტალურად აღწერს, როგორი საკვები მიაქვთ პატიმრებისთვის, რომელსაც მისი თქმით, 100 -დან 70 პროცენტი ვერ ჭამს და საკვების შეძენა მაღაზიაში უწევს.

მსურს საზოგადოებას მივაწოდო სრული ინფორმაცია, რა პირობებში უწევთ  ბრალდებულ-მსჯავრდებულებს ყოფნა გლდანის სატუსაღოში.

"კვება - წარმოიდგინეთ გლდანში მინიმუმ 4 ათასი პატიმარია და მათთვის საჭიროა საკვების მომზადება დღეში სამჯერ. ყველა შემთხვევაში კერძში კარტოფილი არის მოუხარშავი, უზარმაზარ ნაჭრებად დაჭრილი და ჭუჭყიანი[ ჭიების კვალით]. ავიღოთ მაგალითად ბორში, იგივე კარტოფილი და უზარმაზარ ნაჭრებად დაჭრილი კომბოსტო . ლობიოში მე რამდენჯერმე შემხვდა კენჭი, რამაც კბილი დამიზიანა, ცხადია, ლობიოს არ რეცხავენ და ეგრევე ტომრიდან ქვაბში ყრიან. ასევე წიწიბურა - ისიც გაურეცხავი და კენჭებიანია, ერთხელ ექსპერიმენტი ჩავატარე, წიწიბურას დავასხი ცხელი წყალი და შედეგმა გაამართლა ჩემი მოლოდინი, ჭუჭყიანი წყალი ვიხილე. სოსისი - მოაქვთ გაყინული და ცელოფნის მოშორებისას რომ ყნოსავ იგივე სუნი აქვს, რაც ქუჩის ძაღლს წვიმის დროს და თუ შეწვავ ამ სოსისს, ხდება როგორც ქაღალდი. კვერცხი არ ვიცი საიდან მოაქვთ, ან როგორ ახერხებენ ამის კეთებას, მაგრამ როცა კვერცხს ნაჭუჭისგან ასუფთავებენ, საკანში ისეთი სუნი დგება, თითქოს კანალიზაციის ლუქია ახდილი- ეს ფაქტი ჩემთვის ამოუცნობი ფორმულაა. კატლეტი - ვერც შემადგენლობას გაიგებ და ვერც გემოს. ნახევრად უმი, მშრალი ფარში, ხრტილი, მყესი, მოკლედ ხორცის "ატხოდები". თევზი ნახევრად შემწვარი, რომელშიც ასკარიდას მსგავსი დამრგვალებული პატარა ჭიებია. დილის  ფაფები - გერკულესი, მანი, ვერმიშელი, პერლოვკა, მე ამომსვლია ამ ფაფებში ტომრების ძაფები და თავად ტომრის ნაწილები. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, აქ ხალხი არ იხდის სასჯელს, აქ ვართ პირუტყვი და რომ არა ვალდებულება, საჭმელსაც არავინ გვაჭმევდა. 100 პროცენტიდან 70 არ ჭამს "ბალანდას" და საკვებს მაღაზიაში ყიდულობს", - წერს მუსელიანცი.