გავაკეთე ის, რაც მევალებოდა, რაც ყველა ქართველი ვალი იყო. "მართალია, ეს ნაბიჯი არის საფრთხით აღსავსე,მაგრამ ჩვენ გავიმარჯვებთ!", - ამის შესახებ საპროტესტო აქციების დროს დაკავებული რეზო კიკნაძე ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერს.

მისი თქმით, ყველამ უნდა იბრძოლოს თითოეული ადამიანისთვის, რადგან ერთი ადამიანიდან იწყება აღზევება, ისევე როგორც დაღმასვლა.

"ზოგიერთი გმირად გვთვლის და საერთოდ არ მინდა ამაზე კამათი მოგივიდეთ ვინმესთან. მე პირადად გმირად არ ვთვლი საკუთარ თავს. ვარ ჩვეულებრივი ადამიანი ჩემი დადებითი და უარყოფითი თვისებებით და გავაკეთე ის, რაც მევალებოდა, რაც ყველა ქართველი ვალი იყო. ჩემთვის გმირები თქვენ ხართ, ვინც პირველი დღიდან დღემდე დგახართ ბრძოლის ველზე, არ ნებდებით, კვლავ აგრძელებთ ბრძოლას, მიუხედავად უამრავი დაბრკოლებისა და იმედს მაძლევთ, რომ ქვეყანა გადარჩება...

შეიძლება ვიღაც ფიქრობს, ერთ მათეს მიუსაჯეს და რა უჭირსო. ასე მიუსჯიან ერთ ლუკას, ერთ ონისეს, ერთ თორნიკეს, ბოლოს კი მოვიხედავთ და ქვეყანა გვექნება უკვე დაკარგული. ამიტომ უნდა ვიბრძოლოთ თითოეული ადამიანისთვის. ერთი ადამიანიდან იწყება აღზევება, ისევე როგორც დაღმასვლა. ასე რომ არ ეფიქრა ოსკარ შინდლერს, ამდენ ებრაელს კი ვერ გადაარჩენდა და ისტორიაშიც ვერ შევიდოდა. სწორედ მისი პრინციპი იყო ის, რაც ყველამ უნდა გავითავისოთ: "ვინც გადაარჩენს ერთ ადამიანს, გადაარჩენს მთელ ქვეყანას". თითოეული ადამიანის სიცოცხლე მნიშვნელოვანია, ისევე როგორც თითოეულის თავისუფლება...

ზოგჯერ შემომიტევს ხოლმე ნიჰილიზმი და დაწუწუნება მინდება, მაგრამ მაშინვე მერაბ კოსტავა მახსენდება, რა გამოიარა, რამდენ რამეს გაუძლო და დაწუწუნებისა და ჩივილის უფლებას არ ვაძლევ თავს. სწორედ მერაბის და ანწუხელიძისნაირი პატრიოტები მაძლევენ მოტივაციას და ძალას. არ შეიძლება რომ იმ ქვეყანაში, სადაც ისინი ცხოვრობდნენ, რუსებმა გაიმარჯვონ და ვერც გაიმარჯვებენ. ის ალქაჯი კი ამბობს უბრალოდ გაწირული სიცოცხლეო. უაზრო მისი ცხოვრებაა. სიცოცხლის შემდეგაც მხოლოდ წყევლით თუ გაიხსენებენ, არც სადღეგრძელოს იტყვის ვინმე მასზე და ყვავილებსაც არავინ მიიტანს მის საფლავზე. აი, კოსტავა და ანწუხელიძე კი ყოველთვის უკვდავები იქნებიან.

კედელზე მაქვს მერაბის შემდეგი სიტყვები გაკრული, რომელსაც ყოველ დღე ვუყურებ: "მართალია, ეს ნაბიჯი არის საფრთხით აღსავსე, მაგრამ ჩვენ გავიმარჯვებთ!", - წერს რეზო კიკნაძე.