უკრაინას და რუსეთს შორის ტყვეების გაცვლის მორიგი ეტაპი შედგა.

ეს უკვე სტამბოლის წინა შეთანხმებების ფარგლებში მეცხრე გაცვლაა. 

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, სახლებში მძიმედ დაავადებული და მძიმედ დაჭრილი დამცველები დაბრუნდნენ. 

"დღეს დაბრუნებული ჯარისკაცები ფრონტის სხვადასხვა მიმართულებით იცავდნენ უკრაინას. მათი მნიშვნელოვანი რაოდენობა სამ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ტყვეობაში იმყოფებოდა. ყველა მიიღებს საჭირო მხარდაჭერას და სამედიცინო მომსახურებას“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

სტამბოლში მიმდინარე წლის მაისში გამართული მოლაპარაკებების პირველი რაუნდის დროს უკრაინა და რუსეთი შეთანხმდნენ ტყვეების მასშტაბურ გაცვლაზე 1000/1000-ზე. ეს შეთანხმება სამ ეტაპად - 23-დან 25 მაისამდე განხორციელდა. ეს გახდა ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გაცვლა სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ. უკვე 2 ივნისს, თურქეთში გამართული მოლაპარაკებების მეორე რაუნდის დროს, მხარეებმა მიაღწიეს ახალ შეთანხმებას - ყველა მძიმედ დაჭრილის, მძიმედ დაავადებულის, ასევე 18-დან 25 წლამდე ასაკის სამხედრო ტყვეების გაცვლის შესახებ. ამ შეთანხმებების ფარგლებში, ივნისის დასაწყისიდან რვა გაცვლა უკვე განხორციელდა - 9, 10, 12, 14, 19, 20 და 26 რიცხვებში, ასევე 4 ივლისს.