ისეთ რეგვენებად მიაჩნია "ქართულ ოცნებას" საკუთარი ამომრჩეველი, რომ უზნეობის ყველანაირი მწვერვალი დაიპყრეს, -  ამის შესახებ „სამოქალაქო იდეას“ თავმჯდომარემ თინა ხიდაშელმა განაცხადა.

მისივე თქმით, ის არ ელის, რომ "ქართული ოცნება" ევროკავშირის პირობებიდან რომელიმეს შეასრულებს.

"არ მაქვს მოლოდინი, რომ ევროკავშირის პირობებიდან რამის შესრულების გეგმა აქვს "ქართულ ოცნებას", მათი ამომრჩევლისგან არაფრის იმედი მაქვს. ისეთ რამეს აკადრებს "ქართული ოცნება" ამომრჩეველს, ისეთ რეგვენებად მიაჩნია "ქართულ ოცნებას" საკუთარი ამომრჩეველი, რომ უზნეობის ყველანაირი მწვერვალი დაიპყრეს. 6 თვე "ქართული ოცნება" საკუთარ ამომრჩეველს "აჭმევს" ამბავს იმის შესახებ, გაუწითლდა და თუ გაუვარდისფრდა დგებუაძეს ლოყა. 6 თვე სასამართლოში დაკითხვა მიმდინარეობს იმ ადამიანების, რომლებიც მარტო იმაზე საუბრობენ, ქალის მიერ გარტყმულ სილას რა მასშტაბის ტკივილი შეიძლება მიეყენებინა დგებუაძისთვის. ამას რომ გაკადრებენ, ამის უფლებას რომ აძლევ ადამიანებს, რომლებსაც ხმას აძლევ,  რა თქმა უნდა, არ მაქვს იმედი, რომ ეს ხალხი რამეზე ხმას ამოიღებს, ან რამეზე რეაქცია ექნება.

სინდისის ყველა პატიმარი უნდა გათავისუფლდეს, ყველა სასამართლო პროცესი, რომლებიც მიმდინარეობს ცირკია, სადაც ვერცერთმა პოლიციელმა ვერ ამოიცნო ვერავინ", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.