ზუგდიდელი აქტივისტი მარიამ სიჭინავა, რომელიც "ქართული ოცნების" დეპუტატს ირაკლი ზარქუას და მის თანმხლებ პირს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს, სოციალურ ქსელში წერს, რომ მისი საბანკო ანგარიშები ზარქუას პირადი მოთხოვნით დააყადაღეს.

"ამასობაში დამაყადაღეს. ზარქუას პირადი მოთხოვნაა. რადგან ჩემი შვილი მარჩენალდაკარგულის სოციალური სტატუსით სარგებლობდა, სახელმწიფოს უფლება არ ჰქონდა ჩემი ანგარიშები დაეყადაღებინა. ხვალ 13:00 საათზე ჩაინიშნა სასამართლო პროცესი. "კაცობის” დამცველი ირაკლი ზარქუა vs ზუგდიდელი ქალები", - წერს მარიამ სიჭინავა. 

მოგვიანებით მარიამ სიჭინავამ დაწერა, რომ ბანკებმა ანგარიშებზე წვდომა აღუდგინეს.

21 მაისს, "ოცნების" დეპუტატს ირაკლი ზარქუას ზუგდიდში პროტესტით დახვდნენ. სამოქალაქო აქტივისტის მარიამ სიჭინავას მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ირაკლი ზარქუა "ლეთოში" იმყოფებოდა, რა დროსაც აქტივისტებმა მას ზუგდიდის დატოვება მოსთხოვეს. მომხდარის შემდეგ, ირაკლი ზარქუამ მარიამ სიჭინავას და სხვა აქტივისტებს უჩივლა.

"ტვ პირველთან" საუბრის დროს მარიამ სიჭინავამ განაცხადა, რომ ირაკლი ზარქუამ და მისმა თანმხლებმა პირმა მას და კერენ ესებუას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ამასთან, აქტივისტის ინფორმაციით, ზარქუასთან მყოფი პირი ხელით შეეხო კერენ ესებუას, ქალ აქტივისტს დაუზიანეს მობილური ტელეფონიც.