ჩვენ გვწირავთ მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენს მბრძანებელს ბრძანება შეუსრულოთ, მაპატიეთ მეგობრებო, მაგრამ დარბაზი უნდა დავტოვო, იმიტომ რომ მე არ შემიძლია ამ გადაწყვეტილების მოსმენა, - ამის შესახებ დაკავებულმა აქტივისტმა მათე დევიძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

"სალამი მებრძოლებო, ეს სიტყვა ჩემთვის ყოველთვის ასოცირდებოდა შუა საუკუნეებთან, მაგრამ დღეს არსებობს ისეთი გარემოება, რომ თანამებრძოლები უნდა ვიყოთ ერთმანეთის. იცით ყველამ, რომ აქ მხოლოდ თქვენს სანახავად მოვდიოდი, დღეს ალბათ, ბოლო დღეც იქნება. შეიძლება, დიდი ხანი ვერ გნახოთ, მაგრამ მეც მაქვს პატარა იმედი, მაგრამ... 

იცით ყველამ, თელავიდან მოვდიოდი აქციებზე, ბოდიში, ვნერვიულობ, ჩემთვის მნიშვნელოვანი დღეა დღეს. 

ჩამოვდიოდი აქციებზე, რათა მეგობრებთან ერთად მშვიდობიანი პროტესტით გამეპროტესტებინა ქვეყნის ევროპული კურსიდან გადახვევა. 19 ნოემბრის გამთენიისას, ჭავჭავაძის გამზირზე, როცა ფორმიანმა დაჯგუფებებმა ლამაზი სამყაროს დანგრევა და სისხლიანი ფერებით შელახვა დაიწყეს, ორი დღის უძილო ვიყავი, ვერ გავაცნობიერე რა ხდებოდა, როცა ჩვენზე ძალის გადამეტება დაიწყეს, შეხლა-შემოხლაში მოვყევი, ვეცადე გამოვრიდებოდი, მაგრამ ეს ვერ მოვახერხე, შემდეგ იცით, რაც მოხდა. 

ჩვენ გვწირავთ მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენს მბრძანებელს ბრძანება შეუსრულოთ.

მაპატიეთ მეგობრებო, მაგრამ დარბაზი უნდა დავტოვო, იმიტომ რომ მე არ შემიძლია ამ გადაწყვეტილების მოსმენა", - განაცხადა მათე დევიძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მათე დევიძის საქმეზე განაჩენის გამოსატანად სათათბიროდ გავიდა. 

მანამდე სასამართლოს შენობაში ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება მანდატურებს და შეკრებილ მოქალაქეებს შორის იყო. მანდატურის თანამშრომლებმა რამდენიმე პირი ძალის გამოყენებით გაიყვანეს შენობიდან.

20 წლის მათე დევიძე 2024 წლის 19 ნოემბრის საპროტესტო აქციაზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) აქვს წარდგენილი, რაც თავისუფლების 4-დან 7 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს. საქმეზე განაჩენი შესაძლოა, დღეს გამოცხადდეს.