მოძრაობა "საზოგადოებრივი მაუწყებლის მცველები" პირველი არხის გათავისუფლებული თანამშრომლების ნინო ზაუტაშვილის, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის და ანა მეტრეველის სამსახურში აღდგენას მოითხოვენ.

"11 აპრილამდე გვჯეროდა, რომ შესაძლებელი იყო მენეჯმენტთან ერთად გვეპოვა გამოსავალი და შეგვესრულებინა ჩვენი ვალდებულებები საზოგადოების წინაშე. სამწუხაროდ, დაშინების და ზეწოლის სხვადასხვა ფორმამ გუშინ მიაღწია კულმინაციას და ორი პროფესიონალი, ღირსეული ადამიანი, რომელიც ამ დროის განმავლობაში სწორედ საზოგადოებრივი მაუწყებლის ღირსების დასაცავად იბრძვის, სამსახურიდან გაათავისუფლეს.

დაშინების და მუქარის მცდელობების მიუხედავად, “საზოგადოებრივი მაუწყებლის მცველები” ვაგრძელებთ ბრძოლას საზოგადოებისთვის და საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეის დასაცავად - მოვითხოვთ ნინო ზაუტაშვილის, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის და ანა მეტრეველის სამსახურში აღდგენას. მოვითხოვთ თანამშრომლებზე ზეწოლის შეწყვეტას, ვინაიდან გვაქვს ინფორმაცია, რომ ბოლო პერიოდში, სწორედ ამ მიზეზით რამდენიმე ადამიანმა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა სამსახური. მოვითხოვთ ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის დაბრუნებას “მოამბის” წამყვანის პოზიციაზე და “რეალური სივრცის” სატელევიზიო ეთერში დაბრუნებას ნინო ზაუტაშვილთან ერთად, ვინაიდან “რეალური სივრცე” არხზე ერთადერთი გადაცემაა, რომელიც სიღრმისეულად და მიუკერძოებლად აშუქებდა საზოგადოებაში და ქვეყანაში არსებულ სოციალურ და პოლიტიკურ მოვლენებს, სადაც ისმოდა თქვენი, ხალხის ხმა.

“საზოგადოებრივი მაუწყებლის მცველები” ვითხოვდით  და ვითხოვთ ქვეყნისთვის კრიზისულ ვითარებაში, ცარიელ სატელევიზიო ბადეში სადისკუსიო ველის შექმნას, ჩვენ ვითხოვდით და ვითხოვთ, რომ არხზე ისმოდეს კრიტიკული ხმა, მოსაზრებათა მრავალფეროვნება, ჯანსაღი დისკუსია, სოციალური საკითხები. ვითხოვთ, რომ არხზე ჩანდეს უფლებააყრილი და ნაწამები ადამიანების სახეები და ისმოდეს მათი ხმა. ჩვენ ვსაუბრობდით სამართლიანი და პროფესიული ჟურნალისტიკის აუცილებლობაზე - ამის საპასუხოდ მივიღეთ ზეწოლა, დაშინება, დევნა!

არ გვეშინია, ვაგრძელებთ საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას!", - აღნიშნულია განცხადებაში.