სადაც უნდა ვიყო, ყველგან დავამტკიცებ ჩემს სიმართლეს! მანქანა ვერ გაგვჭყლეტს ვერც ინდივიდებს და ვერც საქართველოს ხალხს, - ამის შესახებ ნინო დათაშვილი ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერს.

დაკავებული პედაგოგი და აქტივისტი მხარდაჭერისთვის ყველას მადლობას უხდის.

"ყველას დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის და მხარდაჭერისთვის! ყველას გიყურებთ, ყველანი მიყვარხართ. ძალიან სწორად აფასებთ, რაც მე სახელმწიფო მანქანამ დამატეხა თავს. ეს ყველას შეეხება, ყველა ან ციხეში ან ფსიქიატრიულში ვიქნებით, თუ პროტესტი გაჩერდა.

მანქანა ვერ გაგვჭყლეტს ვერც ინდივიდებს და ვერც საქართველოს ხალხს. სადაც უნდა ვიყო, ყველგან დავამტკიცებ ჩემს სიმართლეს! #ამჯერად გავიმარჯვებთ სახელოვნად!”, - წერს ნინო დათაშვილი.

პროკურატურის ინიციატივითა და სასამართლოს გადაწყვეტილებით  პედაგოგს და აქტივისტს ნინო დათაშვილს ფსიქიატრიულ ექსპერტიზას ჩაუტარებენ. თუ ნინო დათაშვილი უარს განაცხადებს ამ შემოწმებაზე, მას ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იძულებით გადაიყვანენ. შემოწმების მიზნით მან ფსიქიატრიულ დაწესებულებაში 20 დღე უნდა გაატაროს.