1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თბილისის მერიის ა(ა)იპ „სოციალური მზრუნველობის სააგენტომ“ სოციალური შემწეობის მიმღები ბავშვები გაახარა.

სააგენტოს წარმომადგენლები დედაქალაქის ათივე რაიონში მცხოვრებ 30-ზე მეტ ბენეფიციარ ოჯახს ესტუმრნენ და პატარებს მათთვის მომზადებული პერსონალიზებული საჩუქრები პირადად გადასცეს.

ღონისძიებაში მონაწილეობა დირექტორის მოადგილეებმა, სოციალურმა მუშაკებმა და სააგენტოს სხვა თანამშრომლებმა მიიღეს.

"სოციალური მზრუნველობის სააგენტოს“ დირექტორი თენგიზ ფოფხაძე პირადად ესტუმრა ერთ-ერთ ოთხშვილიან  ბენეფიციარ ოჯახს და პატარებს ბავშვთა დაცვის დღე მიულოცა.

"სოციალური მზრუნველობის სააგენტო აქტიურად ახორციელებს ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით სხვადასხვა მნიშვნელოვან ღონისძიებას, ასევე საჭიროების მქონე ოჯახების მხარდაჭერასა და გაძლიერებას მთელი მუნიციპალიტეტის მასშტაბით.

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ვესტუმრეთ ჩვენს 30 ბენეფიციარ ოჯახს და ბავშვებს 1 ივნისი მივულოცეთ.

აქვე, ვულოცავთ ყველა პატარას ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს და ვუსურვებთ მშვიდ, ნათელ, ბედნიერ და სიყვარულით სავსე ბავშვობას“, - განაცხადა თენგიზ ფოფხაძემ.