ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტები ლიკა ლორთქიფანიძის და თათია აფრიამაშვილის პატიმრობას აპროტესტებენ.

სტუდენტების თქმით, 19 და 20 წლის გოგონების უსაფუძვლოდ დაკავებას არავინ უნდა შეეგუოს.

"ქართული ოცნების" დეპუტატის მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე აქტივისტებს -  ლიკა ლორთქიფანიძეს და თათია აფრიამაშვილს 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდათ.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას სასამართლო დარბაზში მყოფთა ხმაური მოჰყვა.

მარიამ ლაშხმა თათია აფრიამაშვილის და მაგდა მამუკაშვილის წინააღმდეგ სარჩელი 17 მაისს მომხდარის გამო შეიტანა. ერთ-ერთ კაფეში, სადაც დეპუტატი დედასთან და შვილებთან ერთად იმყოფებოდა, აქტივისტები მივიდნენ შეძახილებით: "თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს, არა რუსულ რეჟიმს, არა რუსეთის მონებს, ძირს რუსეთის მონები".