რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები კლინიკის რეაბილიტაციის პროცესში მუშაობის უწყვეტობას, კლინიკის მოქმედი დირექტორის თანამდებობიდან გადაყენებას და პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას მოითხოვენ.

"17 თებერვალს ჯანდაცვის მინისტრის მიერ ტელეეთერებიდან გავრცელდა ინფორმაცია კლინიკის დანგრევის აუცილებლობის შესახებ. განცხადებას წინ უძღოდა რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლების მიმართ არნახული და ბინძური დისკრედიტაციის არაერთი მცდელობა.

ეს ის კლინიკაა, რომელიც წარმოადგენს ერთადერთ სახელმწიფო მრავალპროფილურ სამედიცინო დაწესებულებას და დაარსების დღიდან დგას ხალხის სამსახურში, თავგანწირვით და ღირსეულად ემსახურება თავის ქვეყანას და თავის მოქალაქეებს. აღნიშნულს მალე მოჰყვა ზემოთ ხსენებული განცხადება, რომ კლინიკა არ ექვემდებარება რეაბილიტაციას და უნდა დაინგრეს, თუმცა არსებობს სახელმწიფოს დაკვეთით შესრულებული კლინიკის რეაბილიტაციის პროექტი.

ჩვენი მოთხოვნაა, პირველი - ვითხოვთ, დაუბრუნდეთ რეაბილიტაციის თავდაპირველ გეგმას, არსებული პროექტით, რომელიც ითვალისწინებს კლინიკის რეაბილიტაციას მუშაობის უწყვეტობის პირობებში, აგრეთვე ნებისმიერი სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების პროცესში, არსებული პერსონალის სრულ და უპირობო შენარჩუნებას.

მეორე - ვინაიდან კლინიკის მოქმედი დირექტორი არ გამოხატავს კლინიკის ინტერესებს, ეწევა მის დისკრედიტაციას და არ ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას, მოვითხოვთ გაათავისუფლოთ დაკავებული თანამდებობიდან.

მესამე - პრემიერ-მინისტრის ბოლო განცხადებებიდან გამომდინარე, გვიჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ მასთან არ მიდის სწორი ინფორმაცია, ამიტომ საკითხის საბოლოო დაზუსტების მიზნით, ვითხოვთ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას.

ეს წარმოადგენს ჩვენ სამ ძირითად მოთხოვნას და გთხოვთ, ვისაც ხელეწიფება გაითვალისწინონ ეს მოთხოვნები", - აცხადებენ ექიმები.