ის, რომ ქართული ოცნების წარმომადგენლები ერთმანეთისგან ვერ ასხვავებს საჩივრის დასაშვებობისა და არსებითად განხილვის სტადიებს, ეს მათი სამართლებრივი კვალიფიკაციის დაბალ დონეზე მიუთითებს - წერს პოლიტიკური გაერთიანება "ახალის" წევრი, საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე მაია კოპალეიშვილი სოციალურ ქსელში.

"მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების აუცილებლობა და ნიკა გვარამიას საჩივრის დასაშვებობის საკითხი

ეს დღეებია ქართული ოცნება ცდილობს იგნორირება გაუკეთოს მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების მოთხოვნას იმ საფუძვლით, რომ თითქოს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა ნიკა გვარამიას საჩივარი და რომ, თითქოს, ეს მიუთითებს იმის შესახებ, თუ რაოდენ კეთილსინდისიერად განხორციელდა მართლმსაჯულება ნიკა გვარამიას მიმართ და ამდენად, რაოდენ კეთილსინდისიერად მოქმედებს სასამართლო ხელისუფლება.

ის, რომ ქართული ოცნების წარმომადგენლები ერთმანეთისგან ვერ ასხვავებს საჩივრის დასაშვებობისა და არსებითად განხილვის სტადიებს, ეს მათი სამართლებრივი კვალიფიკაციის დაბალ დონეზე მიუთითებს. ამასთან, ქართული ოცნება სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკის შეგნებულად მცდარი ინტერპრეტაციით, სერიოზულ წინააღმდეგობას უწევს მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების პროცესს და ამით წინააღმდეგობას უწევს ევროკავშირში ჩვენს გაწევრიანებას.

ნიკა გვარამიას საქმეზე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლემ, ერთპიროვნულად, დადგენილი წესის თანახმად, განიხილა საჩივრის დასაშვებობის საკითხი, რაც სამართლებრივ ენაზე მიუთითებს, რომ სასამართლომ შეამოწმა საჩივრისა და მასზე თანდართული მასალების, ეროვნულ დონეზე მიღებული გადაწყვეტილებების ფორმალური მხარე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 34-ე და 35-ე მუხლების მოთხოვნების შესაბამისად და საერთოდ არ შესულა ნიკა გვარამიას მოთხოვნის შინაარსობრივი მხარის განხილვაში, რომელიც საჩივრის არსებითი განხილვის სტადიაზე ხდება. ანუ, იმის გათვალისწინებით, რომ საჩივარი, მოსამართლის ერთპიროვნული მოსაზრებით, ფორმალურ მოთხოვნებთან შეუსაბამობის გამო დაუშვებლად იქნა ცნობილი, ბუნებრივია, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს არ შეუმოწმებია/არ უმსჯელია დაირღვა თუ არა კონვენციით გათვალისწინებული რომელიმე უფლება. შესაბამისად, მცდარია ქართული ოცნების რიტორიკა, როდესაც ისინი ატყუებენ საზოგადოებას, თითქოს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა ნიკა გვარამიას საჩივარი და თითქოს სტრასბურგის სასამართლომ სამართლიანად მიიჩნია პოლიტიკური მართლმსაჯულების განმახორციელებლი მოსამართლეების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ნიკა გვარამიას საქმეზე.

გასათვალისწინებელია, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაუშვებლად ცნობის შესახებ აქტებში დეტალურად არ განმარტავს, თუ რა გახდა დაუშვებლად ცნობის საფუძველი. თუმცა, ნიკა გვარამიას საქმეზე არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მსგავს საქმეებზე სტრასბურგის სასამართლოს პრეცედენტული სამართალი, გვაძლევს ანალიზის და დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას, თუ რა შეიძლება გამხდარიყო ნიკა გვარამიას საჩივრის დაუშვებლად ცნობის საფუძველი.

კერძოდ, საყოველთაო ფაქტია, რომ ნიკა გვარამია შეიწყალა საქართველოს პრეზიდენტმა. ანუ, ივარაუდება, რომ ნიკა გვარამიას მიმართ სახელმწიფომ გამოხატა პოლიტიკური ნება საკითხის დადებითად მოსაწესრიგებლად და ის გათავისუფლდა სასჯელის შემდგომი მოხდისაგან. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს სახალხო დამცველის, არაერთი ეროვნული თუ საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებით აღიარებულია, რომ ნიკა გვარამიას დანაშაული არ ჩაუდენია და მის მიმართ პოლიტიკური მართლმსაჯულება განხორციელდა. აღნიშნულის გათვალისწინებით, სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკა მიუთითებს, რომ მსგავს შემთხვევებში სასამართლო ან არ აკმაყოფილებს ან დაუშვებლად ცნობს საჩივარს, რადგან მიიჩნევს, რომ შიდა ეროვნულ დონეზე დარღვევა აღმოიფხვრა და განმცხადებლის მიმართ არსებული პროცესის მავნე ზეგავლენის ეფექტი აღარ არის შეუქცევადი. სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებასაც, რომ საზოგადოების მიერ განმცხადებელი მიჩნეული არ არის დანაშაულის ჩამდენ პირად და შესაბამისად, პროცესის ნეგატიურმა ეფექტმა ვერ მიაღწია სერიოზულობის იმ დონეს, რაც საკმარისი იქნებოდა კონვენციის გააქტიურებისთვის (იხ. CASE OF BÉRES AND OTHERS v. HUNGARY (Application nos. 59588/12, 59632/12 and 59865/12, 17 იანვარი, 2017წ.).

როგორც ვხედავთ, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ნიკა გვარამიას საჩივრის დაუშვებლად ცნობა, ვერ გამოდგება ქართული ოცნების მხრიდან საქართველოს სასამართლო ხელისუფლების ცალკეულ პირთა ჯგუფის კეთილსინდისიერების სამტკიცებლად და მოსამართლეების მიერ მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილებების გამართლებისთვის. ფაქტი რჩება ფაქტად, სასამართლო ხელისუფლების მიმართ საზოგადოებაში ნდობა დაბალია, იგი ახორციელებს პოლიტიკურ მართლმსაჯულებას და სასამართლო უნდა გაჯანსაღდეს.

მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმება არის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებების დაწყების წინაპირობა და ის აუცილებლად უნდა შესრულდეს!

ახალი/Ahali ამას აუცილებლად შეძლებს!" - წერს კოპალეიშვილი.