პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფისის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის თანამდებობიდან გადადგომას გამოეხმაურა.

"ორბანი პუტინს სტუმრობს, ნავროცკი – ორბანს. ქაოსია უიტკოფის გეგმასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებში, კიევში კი პოლიტიკური კრიზისია. ფატალური კომბინაციაა", – წერს ტუსკი სოციალურ ქსელში.

უკრაინაში პოლიტიკური კრიზისი კორუფციული სკანდალის გამო დაიწყო. უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ (NABU) გამოავლინა სქემა, რომლის ფარგლებშიც "ენერგოატომის“ კონტრაქტორებისგან ქრთამის მოთხოვნა იყო.

უმაღლესმა რადამ თანამდებობიდან გაათავისუფლა იუსტიციის და ენერგეტიკის მინისტრები. ისინი კრიმინალური დაჯგუფების წევრების საუბრების ჩანაწერებში ფიგურირებდნენ.

NABU-ს მიერ გამოქვეყნებულ ჩანაწერებში, სავარაუდოდ, ასევე ფიგურირებდა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი. დღეს, 28 ნოემბერს, სამართალდამცველებმა მისი სახლი ჩხრეკა ჩაატარეს.

შემდეგ ერმაკმა თანამდებობა დატოვა. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკვე მოაწერა ხელი ბრძანებულებას მისი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.

უკრაინაში ეს სიტუაცია იმ დროს ვითარდება, როდესაც აქტიური დისკუსიები მიმდინარეობს ამერიკულ სამშვიდობო გეგმაზე. აშშ-ის არმიის მდივანი დენ დრისკოლი ამ შაბათ-კვირას კიევს ეწვევა.