რუსეთმა კურსკის ოლქში ერთდროულად ორი სუ-35S ტიპის გამანადგურებელი დაკარგა.

გავრცელებული ინფორმაციით, ორი რუსული სამხედრო თვითმფრინავი ჰაერში ერთმანეთს შეეჯახა. ინციდენტი საბრძოლო ან საწვრთნელი ფრენის დროს მოხდა.

წინასწარი მონაცემებით, შეჯახების შედეგად ერთი პილოტი დაიღუპა, მეორემ კატაპულტირება მოასწრო და მძიმედ დაშავდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მომხდარზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია, თუმცა ცნობილია, რომ ორივე მრავალფუნქციური გამანადგურებელი სრულად განადგურდა.

სუ-35S რუსული წარმოების, 4++ თაობის მრავალფუნქციური რეაქტიული გამანადგურებელია. ის რუსეთის ფედერაციაში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ თანამედროვე გამანადგურებლად ითვლება, რომელიც მხოლოდ ახალ სუ-57-ს ჩამორჩება.

სუ-35S შეიარაღების ფართო სპექტრით გამოირჩევა. კერძოდ, მას შეუძლია შორ მანძილზე მოქმედი R-37M "ჰაერი-ჰაერი" რაკეტის გაშვება, რომლის მოქმედების რადიუსი დაახლოებით 300 კმ-ია.

გამანადგურებელი ასევე აღჭურვილია N035 „ირბისის“ ტიპის თანამედროვე რადარით, რაც სამიზნეების დიდი მანძილიდან აღმოჩენის შესაძლებლობას იძლევა.