შეერთებული შტატები იკვლევს, შეუძლიათ თუ არა უკრაინას და რუსეთს ზამთრის განმავლობაში ომის დეესკალაციის ნაბიჯების გადადგმა და ამავდროულად, უფრო ფართო სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების განახლება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

ზელენსკი მიიჩნევს, რომ ზამთრის წინა კვირები დიპლომატიისთვის შანსს ქმნის, თუმცა, პრეზიდენტის თქმით, პუტინს უკრაინის დასუსტებისთვის კიდევ ერთი მკაცრი ზამთრის იმედი აქვს.

ზელენსკი დარწმუნებულია, რომ მაშინაც კი, თუ პუტინს დეესკალაცია არ სურს, აშშ-ს შეუძლია მასზე ზეწოლა მოახდინოს.

კიევში დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ, პრეზიდენტმა მიიღო სიგნალი, რომ "რუსები მზად არიან მოლაპარაკებებისთვის".

"უიტკოფმა და კუშნერმა რამდენიმე ახალი იდეა მოიტანეს", - აღნიშნა ზელენსკიმ, თუმცა დეტალებზე არ უსაუბრია.

"არსებობს იდეები ენერგეტიკულ ობიექტებთან, მარცვლეულის მარაგებთან და ნავთობისა და გაზის ექსპორტთან დაკავშირებით. ჩვენ რუსეთთან განსხვავებული ინტერესები გვაქვს“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, აშშ-ის ახალი მიდგომა მოლაპარაკებების განახლების და შეთანხმებების მიღწევის მცდელობის შესახებ, რაც უკრაინასა და რუსეთს საშუალებას მისცემს, ზამთარი მნიშვნელოვანი ესკალაციის გარეშე გადაიტანონ, "ძალიან ახლოსაა ამ საუბრების რეალობასთან“ (უიტკოფთან და კუშნერთან).

როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, მიზანი იქნება ზამთრის დაწყებამდე ან მის განმავლობაში ისეთი ნაბიჯების პოვნა, „რაც მხარეებს მშვიდობასთან დააახლოებს“.