უკრაინელი ექსპერტები მომავალ კვირაში ახლო აღმოსავლეთში გაემგზავრებიან, რათა პარტნიორ ქვეყნებს ირანული დრონების წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმარონ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრთან რობ იეტენთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, უკრაინელი სპეციალისტები ადგილზე გაეცნობიან ვითარებას და პარტნიორებს საჭირო დახმარებას გაუწევენ.

"მომავალ კვირაში, როდესაც ექსპერტები ადგილზე იქნებიან, ისინი შეაფასებენ ვითარებას და პარტნიორებს დაეხმარებიან“,- განაცხადა ზელენსკიმ.

ამასთან, ზელენსკის თქმით, სურს, რომ დახმარება ორმხრივი იყოს.

"თუ გარკვეული რესურსების გაზრდაზე ვსაუბრობთ, ძალიან გვინდა, რომ ეს ორმხრივი გზა იყოს. თქვენ იცით, რა რესურსები გვაკლია და ჩვენ გვესმის, რა რესურსები აკლიათ სპარსეთის ყურის ქვეყნებს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ამასთან, როგორც პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, რუსეთი ეხმარება ირანის რეჟიმს.

"კარგი ის არის, რომ ირანის რეჟიმი რუსეთს არ აწვდის რაკეტებს და სხვა ტიპის იარაღს, რომლებიც უკრაინაზე თავდასხმისთვის გამოიყენება. ვიმედოვნებ, რომ ომი დიდხანს არ გაგრძელდება – არა მხოლოდ იმიტომ, რომ უკრაინაზე ვნერვიულობ, არამედ იმიტომაც, რომ ნებისმიერი დანაკარგი ტრაგედიაა. თუმცა სამშვიდობო მოლაპარაკებებში პროგრესს ვერ ვხედავთ. თუ კონფლიქტის პირველ დღეებში მდგრადი მშვიდობა ან ცეცხლის შეწყვეტა ვერ იქნება მიღწეული, დიდი რისკია, რომ ის გაგრძელდეს. ეს უდავოდ გავლენას მოახდენს უკრაინაში არსებულ ვითარებაზე. ნაკლები ყურადღება ნაკლებ მხარდაჭერას ნიშნავს, ნაკლები მხარდაჭერა კი – ნაკლებ საჰაერო თავდაცვას“, – წერს ზელენსკი.