რაჟდენ კუპრაშვილის ანტიკორუფციული ბიუროს თავმჯდომარედ დანიშვნიდან დღემდე, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ სამეგრელო-ზემო სვანეთში, იმერეთში, სამცხე-ჯავახეთსა და აჭარაში 74 მოქმედ და ყოფილ თანამდებობის პირთან დაკავშირებული კორუფციული შემთხვევები გამოავლინა, - ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ განცხადებაშია აღნიშნული.

ორგანიზაციის ცნობით, არცერთი ეს შემთხვევა ანტიკორუფციულმა ბიურომ არ მოიკვლია და რეაგირების გარეშე დატოვა.

"2023 წლის 2 თებერვლიდან რაჟდენ კუპრაშვილის ანტიკორუფციული ბიუროს თავმჯდომარედ დანიშვნიდან დღემდე, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ სამეგრელო-ზემო სვანეთში, იმერეთში, სამცხე-ჯავახეთსა და აჭარაში 74 მოქმედ და ყოფილ თანამდებობის პირთან დაკავშირებული კორუფციული შემთხვევები გამოავლინა. არცერთი ეს შემთხვევა კუპრაშვილის ანტიკორუფციულმა ბიურომ არ მოიკვლია და რეაგირების გარეშე დატოვა. ამ 74 პირთან დაკავშირებული კომპანიების მიერ სახელმწიფო შესყიდვებიდან, „აწარმოე საქართველოდან“ და სხვა საბიუჯეტო წყაროებიდან მიღებულმა შემოსავალმა 2012-2025 წლებში 2 მილიარდ ლარს გადააჭარბა“,- აღნიშნულია განცხადებაში.