ევროპარლამენტარების ჯგუფი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ რეპრესიების ახალი ტალღის გამო.

"ჩვენ გამოვხატავთ ღრმა შეშფოთებას საქართველოში ოპოზიციის ლიდერების, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, დამოუკიდებელი მაუწყებლების და დემონსტრანტების წინააღმდეგ მიმართული რეპრესიების ახალი ტალღის გამო. ჩვენ მკაცრად ვგმობთ ოპოზიციის ოთხი წევრის – მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის, ზურაბ ჯაფარიძისა და გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ გამოტანილ განაჩენს „ქართული ოცნების“ საპარლამენტო კომისიაზე გამოძახებაზე დაუმორჩილებლობის გამო. კომისიასთან თანამშრომლობაზე უარისთვის მათი გასამართლება და ორი წლით საჯარო თანამდებობის დაკავების აკრძალვა პოლიტიკურად მოტივირებული აშკარა შეტევაა დემოკრატიაზე, რომელიც მიზნად ისახავს ოპოზიციური ხმების ჩახშობას და დაშინებას.

ეს ნაბიჯი არის „ქართული ოცნების“ მცდელობის ნათელი მაგალითი ძალაუფლების კონსოლიდაციისკენ და ოპოზიციის ნებისმიერი ფორმის ჩახშობისკენ. ეს კიდევ უფრო აძლიერებს ეჭვებს ქვეყანაში საარჩევნო გარემოს თაობაზე და აძლიერებს ჩვენს შეშფოთებას მომავალი მუნიციპალური არჩევნების შესახებ. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ოპოზიციის ლიდერებს, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, დამოუკიდებელ მაუწყებლებს და დემონსტრანტებს, რომლებიც რეპრესიების ამ ახალი ტალღის სამიზნეს წარმოადგენენ. ჩვენ ვითხოვთ საქართველოში ყველა პოლიტიკური პატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.

ჩვენ მოვუწოდებთ ევროკავშირს და მის წევრ ქვეყნებს, მიიღონ დაუყოვნებელი ზომები და დააწესონ პერსონალური სანქციები მათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელი არიან დემოკრატიული უკუსვლისთვის, კერძოდ, ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ. ჩვენ ვიმეორებთ ჩვენს მოწოდებას ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისთვის გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში, რომელსაც ჩაატარებს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაცია, ფართო საერთაშორისო დაკვირვებით, რათა უზრუნველყოფილი იყოს ნამდვილად თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე პროცესი, რომელიც წარმოადგენს საქართველოს ხალხის ნებას“, – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ: საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერი; ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის თავმჯდომარე სერგეი ლაგოდინსკი; სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის თავმჯდომარე ნილს უშაკოვსი და საქართველოს საკითხზე მუდმივი მომხსენებელი რასა იუკნევიჩიენე.