ჩვენ ვითხოვთ, რომ ეს ქონება იყოს დაყადაღებული და დაბრუნებული ტექნიკური უნივერსიტეტისთვის. ეს ქონება რომ არ გასხვისდეს და მესამე პირზე არ გადაფორმდეს, ჩვენ სასწრაფოდ დაყადაღებას ვითხოვთ, - ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა დავით გურგენიძემ განაცხადა და ამ მოთხოვნით პროკურატურას მიმართა.

"წინა ხელისუფლების დროს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქონების უდიდესი ნაწილი ფაქტობრივად, მიტაცებული იქნა ყოფილი პრეზიდენტის ოჯახის მიერ. ჩვენმა სპეციალისტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა, სამართლის და აუდიტის სამსახურებმა ძალიან დიდი შრომა გასწიეს და ეჭვია, რომ იქ სავარაუდოდ, სისხლის სამართლის დანაშაულია. ამიტომ, ჩვენმა უნივერსიტეტმა იმსჯელა და გადავწყვიტეთ, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურისთვის მიგვემართა. აღნიშნული საკითხი მრავალი წელია, შესწავლის საგანია უნივერსიტეტისთვის - რთული იყო ამ დოკუმენტების მოძიება, მაგრამ დიდი შრომა გასწიეს უნივერსიტეტის თანამშრომლებმა, მოპოვებული იქნა არაერთი მასალა - როგორც ელექტრონული, ასევე 108 ფურცელზეა ფიზიკური მასალა, სადაც მრავალი დოკუმენტია. ეს უკვე ხდება გენერალური პროკურატურის მოკვლევის საგანი - ისინი უფრო მარტივად მოიკვლევენ ამ საბუთებს. ვფიქრობთ, რომ გენერალურმა პროკურატურამ უნდა მოიძიოს მასალები და მიიღოს გადაწყვეტილება.

ჩვენ ვითხოვთ, რომ ეს ქონება იყოს დაყადაღებული და დაბრუნებული ტექნიკური უნივერსიტეტისთვის. ეს ქონება რომ არ გასხვისდეს და მესამე პირზე არ გადაფორმდეს, ჩვენ სასწრაფოდ დაყადაღებას ვითხოვთ”, - განაცხადა დავით გურგენიძემ.