დე ფაქტო ხელისუფლება თვითონ არის მიზეზი - გაძვირებული ფასებისაც, კარტელებისაც და მონოპოლიებისაც - ამის შესახებ "ტვ პირველთან" საუბრისას ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ განაცხადა.

ქადაგიძის თქმით, საქართველოში იმიტომ არის ძვირი ცხოვრება, რომ ყველგან კარტელები და მონოპოლიებია.

"როცა ჩვენ ვსაუბრობთ, რატომ არის საქართველოში ძვირი ცხოვრება, ორი ნაწილისგან შედგება - პირველი, იმიტომ, რომ ყველგან არის კარტელები და მონოპოლიები და ადამიანები, სინამდვილეში იმის ხარჯზე, რომ არიან დაახლოებულები  ოლიგარქ ივანიშვილთან, პრაქტიკულად აკონტროლებენ ყველა სფეროს. საბანკო სფერო ავიღოთ - მაგალითად თბს ბანკი 500 მილიონზე მეტია, მარტო რასაც კონვერტაციაში იღებენ. არ არსებობს ევროკავშირში და დასავლეთში ბანკი, რომელიც 30 პროცენტიან მოგებაზე მუშაობს - 40%-იან მოგებაზე მუშაობს, ასეთი რამ გამორიცხულია. იგივე ხდება ენერგეტიკის სექტორში, იგივე ხდება კომუნკაციის სექტორში. პრაქტიკულად სექტორი არ არის, სადაც ერთი და იმავე ადამიანები არ არიან დაპატრონებული ქვეყანას და მათთვის არანაირი კანონმდებლობა არ არსებობს. მეტიც, კიდევ უფრო უტიფრად, ივანიშვილი თავის პარლამენტს აღებინებს კანონს და გადასახადებისგან ათავისუფლებს საკუთარ თავს. ასეთი რამ ალბათ ჩამორჩენილ აფრიკულ დიქტატურებშიც არ არის. დე ფაქტო ხელისუფლება საქართველოში, რომელსაც მიტაცებული აქვს საქართველო, ცნობილი ქართული მულტფილმისა არ იყოს - "აბა ჩემს შვილს ხომ არ მოვჭრი თავსო", რეალურად თვითონ არის მიზეზი გაძვირებული ფასებისაც, კონკურენციის არარსებოსასაც, კარტელებისაც და მონოპოლიებისაც", - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.