ერთპარტიული პარლამენტი კი არ გაფორმდა, პიროვნების კულტი გაფორმდა, 21-ე საუკუნეში ასეთი რაღაც წარმოუდგენელი იყო. წინა საუკუნეებში ასეთი რაღაცები ხდებოდა, თუმცა პირდაპირ ბელადად გააფორმეს ივანიშვილი. ღმერთმა დიდხანს აცხოვროს, მაგრამ, შეიძლება მალე ტერიტორია გამოყონ ერთ ლარად და მავზოლეუმის მშენებლობაც დაიწყონ სამომავლოდ, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ტაქტიკური თვალსაზრისით, მორიგი შეცდომა დაუშვა ოპოზიციამ.

"ერთპარტიული პარლამენტი კი არ გაფორმდა, პიროვნების კულტი გაფორმდა, 21-ე საუკუნეში ასეთი რაღაც წარმოუდგენელი იყო. წინა საუკუნეებში ასეთი რაღაცები ხდებოდა, თუმცა, პირდაპირ ბელადად გააფორმეს ივანიშვილი. ღმერთმა დიდხანს აცხოვროს, მაგრამ, შეიძლება მალე ტერიტორია გამოყონ ერთ ლარად და მავზოლეუმის მშენებლობაც დაიწყონ სამომავლოდ. ასეთ დრამატულ პროცესში ვართ, პოლიტიკურად თამაშდება დრამა და საქმე გვაქვს სერიოზულ სახელმწიფოებრივ კრიზისთან, ეს არ არის პოლიტიკური კრიზისი, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ მარტო ხელისუფლების თემას ხომ არ ვწყვეტთ, ქვეყნის გრძელვადიანი განვითარების ბედი წყდება და ეს განსაკუთრებით ამძიმებს იმ სურათს, რასაც ჩვენ ვუყურებთ. ტაქტიკური თვალსაზრისით, მორიგი შეცდომა დაუშვა ოპოზიციამ. გასაგებია, რომ პროტესტი იყო, ასეთი პროტესტი უნდა გაგრძელდეს, თუმცა მე მათ ადგილზე პარლამენტში მივიდოდი და მოვაწყობდი ობსტრუქციას უფლებამოსილების ცნობასთან დაკავშირებით, ეს იქნებოდა სწორი სურათი, რასაც მთელი მსოფლიო ნახავდა, რომ ამდენი დეპუტატი ამ ყველაფერს აპროტესტებს. ბიძინა ივანიშვილის წინ უნდა მოეწყოთ სერიოზული ობსტრუქცია და ეს სიტკბოება უნდა ჩაეშალათ, მათ ამის ყველანაირი საშუალება ჰქონდათ, მაგრამ არ ვიცი, გამბედაობა არ ჰყოფნით ან კრეატივი გაქრა და რაშია საქმე მე არ მესმის“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.