ჩვენ ვხედავთ, რომ ჩატარდა არჩევნები და არჩევნებს მოჰყვა დაძაბულობა, ძალიან ვწუხვარ და გულის ტკივილით ვისმენ, როცა ამ მოცემულობაში ვიღაცები ამბობენ, რომ წასვლაა გამოსავალი, რაღაც უიმედობაშია ჩავარდნილი, დიდი მოლოდინების შემდეგ, დგება დიდი იმედგაცრუების მომენტი და იმედგაცრუება სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე დგომას ნიშნავს, - ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა განაცხადა.

მისივე თქმით, ადამიანმა მთელი იმედები არა კაცზე, არამედ ღმერთზე უნდა დაამყაროს, რადგან მისგან არის ყოველივე, რაც კი რამ არის და მასთან უნდა გქონდეს მჭიდრო კავშირი, როგორც შემოქმედთან.

"გუშინ აღვნიშნეთ გიორგობა, ჩვენ ვიხსენებთ წმინდა გიორგის ღვაწლს, ის არის სიმბოლო ბოროტებაზე გამარჯვებისა, მებრძოლი სულის პატრონი, ის არის ერთგული ღმერთისა და არ თანხმდება, რომ მსხვერპლი შესწიროს წარმართულ კერპებს და ამას აკეთებს ღრმად გააზრებულად, ის ჭეშმარიტებისადმი, ღმერთისადმი ერთგულებას ინახავს. მოგილოცავთ ამ დიდებულ დღეს, თითოეულ ოჯახს, თითოეულ პიროვნებას, მათ, ვინც, უშუალოდ გიორგის სახელს ატარებს, ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ. დიდი სურვილი მქონდა, რომ თქვენთან ერთად მელოცა, თქვენი სუნთქვა მეგრძნო, მიყვარხართ, თქვენთან ვარ და  შემიძლია მოგმართოთ ხობის ტაძრის ამბიონიდან: ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ. დღეს, სახარებაში ვკითხულობთ, რომ ერთი ადამიანი, სჯულის მეცნიერი მიდის იესო ქრისტესთან და ეუბნება: „რა არის საჭირო იმისთვის, რომ საუკუნო ცხოვრება დავიმკვიდრო?“ იესო ქრისტე ეუბნება: სჯულში, როგორ წერია? ის პასუხობს: „შეიყვარო უფალი, ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა ძალითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა და მოყვასი შენი, ვითარცა თვისი“.

ჩვენ, ადამიანები უნდა დავფიქრდეთ, რაოდენ ძვირფასია ადამიანი და როგორ უნდა ვზრუნავდეთ ერთმანეთზე. ქრისტიანისთვის, ეს გასაგები უნდა იყოს, მით უფრო, რომ, ვინც ტაძარში დადის, ვისმენთ წმინდა წერილს, ვისმენთ საოცარ ისტორიებს, რომლებიც გულგრილს ვერ დაგვტოვებს, თუმცა, მიდიხარ ტაძრიდან და ისე ჩაგითრევს ყოველდღიური საქმიანობა, რომ ეს ყველაფერი გავიწყდება და თუ გახსოვს იმისთვის, რომ ის მოსმენილი განახორციელო, ამას უკვე იძულება სჭირდება საკუთარი თავის. ხორციელი საკვები სხეულს არგებს, სულიერი საკვები სულს არგებს და ანიჭებს სიცოცხლეს, სულიერი საკვები არის ის სულიერი საქმეები, რასაც ღვთის კურთხევით ადამიანი აღასრულებს და ამ საქმეების შედეგი არის საღმრთო მადლი.

წუთისოფლის ცხოვრება არ არის დალხინებული არასდროს, სადღაც უკეთესია, სადღაც უარესია, ჩვენ გვინდა, რომ აქედან არსად მიდიოდეს ადამიანი. ჩვენ ვხედავთ, რომ ჩატარდა არჩევნები და არჩევნებს მოჰყვა დაძაბულობა, ძალიან ვწუხვარ და გულის ტკივილით ვისმენ, როცა ამ მოცემულობაში ვიღაცები ამბობენ, რომ წასვლაა გამოსავალი, რაღაც უიმედობაშია ჩავარდნილი, დიდი მოლოდინების შემდეგ, დგება დიდი იმედგაცრუების მომენტი და იმედგაცრუება სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე დგომას ნიშნავს. გულსაკლავია, როცა ახალგაზრდა კაცი ამბობს, რომ აქ მომავალი არ აქვს. სადაც თვლი, რომ უკეთესი ცხოვრებაა, ის უკეთესი ცხოვრება ციდან არ ჩამოვარდნილა, იმ უკეთესი ცხოვრებისათვის იმ ქვეყანამ იბრძოლა და გამოიწვრთნენ და დაამკვიდრეს ის ცხოვრება, რომელიც გარკვეულ პირობებს გთავაზობს და მე ასე დავსვამდი საკითხს, რომ კი არ დავტოვოთ ეს ქვეყანა, არამედ შევეცადოთ აქ შევქმნათ ის გარემო, რომ ადამიანებს არ მოუნდეთ ქვეყნის დატოვება. ადამიანმა მთელი შენი იმედები არა კაცზე, არამედ ღმერთზე უნდა დაამყარო, რადგან მისგან არის ყოველივე, რაც კი რამ არის და მასთან უნდა გქონდეს მჭიდრო კავშირი, როგორც შემოქმედთან. მთავარი სიმდიდრე ადამიანისა არის რწმენა. ვეცადოთ, რომ ჩვენ ვიყოთ ის მოყვასი, რომელიც შეძლებს, რომ ადამიანს ტკივილი დაუამოს“, - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.