ჩვენ გვაქვს გარკვეული საკითხები საქართველოსთან დაკავშირებით, იმის გათვალისწინებით, რომ მთავრობა რეალურად არ დგამს ნაბიჯებს მაშინ, როდესაც აცხადებენ, რომ სურთ ევროკავშირში გაწევრიანება, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება არასწორი მიმართულებით დგამს ნაბიჯებს.

"ერევანში მიმდინარე სამიტი ასევე აჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კავკასია, განსაკუთრებით ახლა, როდესაც ირანში ომია. ჩვენ ვსაუბრობთ დაკავშირებადობაზე, ასევე, ჩვენ წინაშე არსებული საფრთხეებისადმი მდგრადობაზე. 

საქართველოსა და ევროპის ურთიერთობებს რაც შეეხება, გეოგრაფიას თუ დავაკვირდებით, დავინახავთ, რომელი ქვეყნები არიან აქ. ასე რომ, რა თქმა უნდა, მიმდინარეობს დისკუსიები, რა შეგვიძლია გავაკეთოთ ამ მხრივ, რათა შევძლოთ "შუა დერეფნის“ დაკავშირებადობის საკითხში წინსვლა. 

ჩვენ გვაქვს გარკვეული საკითხები საქართველოსთან დაკავშირებით, იმის გათვალისწინებით, რომ მთავრობა რეალურად არ დგამს ნაბიჯებს მაშინ, როდესაც აცხადებენ, რომ სურთ ევროკავშირში გაწევრიანება. ვხედავთ, რომ ისინი არასწორი მიმართულებით დგამენ ნაბიჯებს. ასევე ეს გვაძლევს შეზღუდვებს, მაგალითად, დაფინანსების გამოყოფასთან დაკავშირებით.

შუა დერეფანი ძალიან მნიშვნელოვანია, რასაც ვხედავთ ახლო აღმოსავლეთში, ყველა განიხილავს სავაჭრო გზების დივერსიფიკაციას", - განაცხადა კაია კალასმა.

"მომავლის შენება, ერთიანობა და სტაბილურობა ევროპაში" - ამ სლოგანით ერევანში პოლიტიკური გაერთიანების სამიტი იხსნება.