კომპანია „ჯაოკენ ბილდინგს“ კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებული მოქალაქეებისთვის საცხოვრებელი კორპუსი ისნის რაიონში, მახათას მთის მიმდებარედ უნდა აეშენებინა, თუმცა პროექტში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, მშენებლობა ალტერნატიულ ლოკაციაზე - სპირიდონ ვირსალაძის ქუჩის N12-ში განხორციელდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

"კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებული მოქალაქეების საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილება თბილისის მერიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს. 2017 წელს, როდესაც ჩვენ საარჩევნო კამპანიას ვატარებდით, დავპირდით დაზარალებულ ოჯახებს, რომ დავეხმარებოდით, არა სიტყვებით, არამედ კონკრეტული გადადგმული ნაბიჯებითა და მიღებული გადაწყვეტილებებით. დღეს უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ უამრავ ოჯახებს დავეხმარეთ და მათ მიეცათ შესაძლებლობა, მიეღოთ საკუთარი ფართები, რომლებიც სახელმწიფოს მიერ იყო აღიარებული.

მინდა, მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებულ კომპანია „ჯაოკენ ბილდინგს“ კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებული მოქალაქეებისთვის საცხოვრებელი კორპუსი ისნის რაიონში, მახათას მთის მიმდებარედ უნდა აეშენებინა, თუმცა გამოიკვეთა პრობლემები, რამაც არ მოგვცა იქ პროექტის განხორციელების შესაძლებლობა. რამდენიმეთვიანი მუშაობის შედეგად, განისაზღვრა კონკრეტული ალტერნატიული ადგილი -  სპირიდონ ვირსალაძის ქუჩა N12-ში, სადაც უზრუნველყოფილია შესაბამისი ინფრასტრუქტურა და მშენებლობისთვის საჭირო ყველა წინაპირობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული პროექტი მასშტაბურია, რადგან საცხოვრებელი ფართებით 158 დაზარალებული ოჯახი დაკმაყოფილდება.

"ეს ის ოჯახებია, რომლებმაც ჯერ კიდევ 1990-იან წლებში შეიძინეს ბინები, თუმცა დაწყებული მშენებლობების შეჩერების გამო მათი დაკმაყოფილება ვერ მოხერხდა და ისინი წლების განმავლობაში ელოდებოდნენ კუთვნილ საცხოვრებელს. მნიშვნელოვანია, რომ მიღებული გადაწყვეტილებით სრულად არის დაცული თითოეული დაზარალებული მოქალაქის ინტერესი. ამასთანავე, დაცულია მუნიციპალიტეტის ინტერესებიც - მუნიციპალიტეტი დამატებით მიიღებს საცხოვრებელ ფართებს, რომლებიც გამოყენებული იქნება მსგავსი სოციალური პროექტების განსახორციელებლად“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ პროექტი განხორციელდება მკაცრად განსაზღვრული ვადების შესაბამისად და თითოეული დაზარალებული მოქალაქე ეტაპობრივად მიიღებს კუთვნილ საცხოვრებელ ფართს.

"გვინდა, აღნიშნული პრობლემა სრულად მოვაგვაროთ, დავასრულოთ. ჯერ კიდევ რჩებიან ოჯახები, რომლებიც საჭიროებენ ფართებით დაკმაყოფილებას. ჩვენ სამუშაო რეჟიმში ვართ და ყველას მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ. ყველა ოჯახი დაკმაყოფილდება საცხოვრებელი ფართებით“, - განაცხადა თბილისის მერმა.