გუშინდელი დღის შემდეგ კიდევ ერთხელ გამოჩნდა, ძალიან მწვავედ, თუ რამხელა ანომალიაა ივანიშვილის რეჟიმი ჩვენს რეგიონში და საერთოდ, თანამედროვე მსოფლიოში, ასე რომ, ქართველებმა ამ ყველაფრიდან უნდა გამოვიტანოთ ჩვენი დასკვნები, ისევე როგორც ეს გააკეთა აზერბაიჯანმა და სომხეთმა, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, დროა ყველამ ერთად დაანახოს მსოფლიოს, რომ არ სურთ რუსები არც საქართველოში და არც რეგიონში.

"იყო დრო, როცა საქართველოში ხდებოდა დიდი ისტორიული ამბები, რომლებიც რეგიონზე და მსოფლიოზეც ახდენდა გავლენას. ეს დრო ჯერჯერობით წარსულს ჩაბარდა. სამაგიეროდ გუშინ, ჩვენს ყურის ძირში, სომხეთში მოხდა ის, რაც განსაზღვრავს ჩვენს, ჩვენი რეგიონის და რუსეთის ბედსაც. სომეხი ხალხი არ დაემორჩილა პუტინის პირდაპირ შანტაჟს, არ დაუგდო ყური პროპაგანდას და ჭორებს, არ გაიყიდა ფულზე და ფუჭ დაპირებებზე და ხელახლა აირჩია ფაშინიანი. ამ არჩევანით სომხეთის სვლა დასავლეთში შეუქცევადი გახადა. სომხეთში არ იმუშავა "ივანიშვილი 2012" ФСБ-ს გეგმამ. ეს მოხდა რამდენიმე მიზეზის გამო. 2012-ში ობამას ადმინისტრაციას ჩემი მოშორება სურდა, რადგან ხელს ვუშლიდით რუსეთთან ურთიერთობის დალაგებაში. ახლა ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი და სახელმწიფო მდივანი ჩავიდნენ ერევანში რუსეთისგან დამოუკიდებელი კურსის მხარდასაჭერად, ტრამპმა დაუჭირა საჯაროდ მხარი. 2012-ში ევროპა მე კი მიჭერდა პიროვნულად მხარს ბოლომდე, მაგრამ ვერც ივანიშვილის საფრთხეს ვერ ხედავდა. რუსეთი დღეს ბევრად უფრო სუსტია საერთაშორისო მასშტაბით, ვიდრე მაშინ. ასევე ფაშინიანმა გაითვალისწინა ჩემი მაგალითი და კარაპეტიანი შინა პატიმრობაში ჩასვა, ხოლო მის მიერ ფულის დარიგება არ დაუშვა. და რაც მთავარია, სომეხმა ხალხმა საკუთარი თვალით ნახა თუ რა მოიტანა რუსი ოლიგარქის ხელისუფლებამ საქართველოში და უთხრა რუსეთს არა მადლობა! შესაბამისად უარი უთხრა ოლიგარქ კარაპეტიანს, რომლის ძირითადი ფული რუსულია. არადა პუტინს ზუსტად ისევე უნდოდა ფაშინიანის მოშორება, როგორც თავის დროზე ჩემი. ფაშინიანიც მოვიდა სახალხო რევოლუციით, რაზეც პუტინს ალერგია აქვს. შესაბამისად პუტინმა არ შეუშალა ხელი ყარაბაღის მეორე ომს, ვინაიდან იმედი ჰქონდა, რომ ასე მოიშორებდა ფაშინიანს. შემოიღო ემბარგო, სომხურ პროდუქციაზე და ჩართო სომხური ეკლესია ფაშინიანის დასამხობად. როცა არც ეს გამოვიდა მაშინ გამოაგორა "სომეხი ივანიშვილი", ოღონდ ეს გეგმაც ჩაფლავდა ახლა.

გუშინდელი დღის შემდეგ კიდევ ერთხელ გამოჩნდა, ძალიან მწვავედ, თუ რამხელა ანომალიაა ივანიშვილის რეჟიმი ჩვენს რეგიონში და საერთოდ, თანამედროვე მსოფლიოში, ასე რომ, ქართველებმა ამ ყველაფრიდან უნდა გამოვიტანოთ ჩვენი დასკვნები, ისევე როგორც ეს გააკეთა აზერბაიჯანმა და სომხეთმა, დროა ყველამ ერთად დავანახოთ მსოფლიოს, რომ არ გვინდა რუსები.

გთავაზობთ 20 ივნისს აღვნიშნოთ ღირსების დღე, როცა გავრილოვი გააგდეს ქართველებმა და გამოვიდეთ რუსთაველზე იმის სათქმელად, რომ არასდროს შევეგუებით ჩვენი საყვარელი ქვეყნის რუსეთის კოლონიად ქცევას. ამის დემონსტრირება მუდმივად საჭიროა, რათა რუსეთს მოვუშალოთ მადა, ჩვენი გადაყლაპვის მცდელობა და მსოფლიოს ვუთხრათ, რომ არავისზე ნაკლებად არ გვსურს თავისუფლება!", - წერს მიხეილ სააკაშვილი.