აკრედიტაციის სისტემაში შევა ცვლილებები, საქართველოს პარლამენტის აკრედიტაციის სისტემას დავაახლოებთ ​ევროპულ სისტემასთან. წესების განმეორებით დარღვევის შემთხვევაში იქნება ერთ წლამდე აკრედიტაციის შეჩერების შესაძლებლობა, – ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ცვლილებები, რომელიც საქართველოს პარლამენტის აკრედიტაციის სისტემაში შედის, უფრო დახვეწილი იქნება, ვიდრე ევროპარლამენტის აკრედიტაციის სისტემაა.

„როგორც იცით, თავის დროზე, ევროპარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების დროს მე ვთქვი, რომ შევისწავლიდით ევროპარლამენტში არსებულ აკრედიტაციის სისტემას. იყო გარკვეული საკითხები, რომელიც საინტერესო იყო, რომ გადმოგვეღო საქართველოს პარლამენტში და დაგვეახლოებინა საქართველოს პარლამენტის აკრედიტაციის სისტემა ევროპულ სისტემასთან.

დღეს აკრედიტაციის სისტემაში გარკვეული ცვლილებები შევა. იცით, რომ დღეს საქართველოს პარლამენტში აკრედიტაციის წესების დარღვევისთვის არის პირველ ჯერზე ერთი თვე აკრედიტაციის შეჩერება, განმეორების შემთხვევაში ექვსი თვე ხდება აკრედიტაციის შეჩერება. ვნახეთ, რომ ევროპარლამენტში ერთწლიანი შეჩერებაც არსებობს, ამიტომ საქართველოს პარლამენტის აკრედიტაციის სისტემას ევროპარლამენტის სისტემასთან დავააახლოებთ და პირველ ჯერზე იქნება ერთი თვე, მეორე ჯერზე იქნება ერთ წლამდე აკრედიტაციის შეჩერების შესაძლებლობა.

იცით, რომ საქართველოს პარლამენტში აკრედიტაციის წესების დარღვევისთვის მხოლოდ ჟურნალისტების წინააღმდეგ გამოიყენებოდა სანქცია ერთი თვე ან ექვსი თვე. ვნახეთ, რომ ევროპარლამენტში არა მხოლოდ ჟურნალისტის, არამედ მედიის მიმართაც შესაძლებელია სანქციის გამოყენება. ამიტომ ჩვენ დავაახლოებთ საქართველოს პარლამენტის აკრედიტაციის სისტემას ევროპულ სისტემასთან. დარღვევის სიმძიმისა და სიხშირის გათვალისწინებით აქაც შესაძლებელი იქნება, მთლიანად მედიას გაუუქმდეს აკრედიტაცია ერთ წლამდე ვადით. არსებითად, ეს ორი საკითხია, რომელიც ჩვენ ვნახეთ ევროპარლამენტის გამოცდილებით და, რა თქმა უნდა, გვაქვს სურვილი, ეს გამოცდილება გადმოვიღოთ. ამ მხრივ, პარლამენტის აკრედიტაციის სისტემა დაახლოვდება, მაგრამ მაინც უფრო დახვეწილი იქნება, ვიდრე ევროპარლამენტის აკრედიტაციის სისტემაა. ევროპარლამენტის ბოლო ინციდენტის დროს ჩვენ ვნახეთ, იყო მითითება, რომ წინასწარი თანხმობა არ ჰქონდა აღებული ჟურნალისტს ინტერვიუსთვის. დღემდე, ჩვენ წინასწარი თანხმობის საჭიროება არ გვაქვს და ამ მხრივ ამას არ გადმოვიღებთ ევროპარლამენტისგან, რათა წინასწარ იყოს თანხმობა საჭირო პარლამენტის წევრისგან, რათა მასთან ჩაწეროს ინტერვიუ. ამიტომ, ყოველ შემთხვევაში ჯერ, ევროპარლამენტის ამ მკაცრ მიდგომას საქართველოს პარლამენტის აკრედიტაციის სისტემაში არ გადმოვიღებთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.