სამწუხაროდ, 26 მაისისთვის კამპანია არ გაქვთ, აქტიურობა არ არის. ეს როგორც თქვენი გულშემატკივრის პოზიციაა და არა შენიშვნა. თვე-ნახევარი გავიდა, რაც აქცია დაანონსებულია და ხალხს მეტი შეატყობინეთ, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა პროცესზე განაცხადა.

მისივე თქმით, თუ ოპოზიცია 26 მაისს აქციას გეგმავს, ამის შესახებ საზოგადოება, მინიმუმ, 26-ჯერ მაინც უნდა გააფრთხილონ.

"თუნდაც ერთი პრეცედენტი თუ არსებობს მსოფლიოში, სადაც მხოლოდ განცხადებების გამო არის პოლიტიკოსი დაკავებული? ჩემს საქმეზე მოწმე არ არსებობს, საბოლოო ჯამში, საქმე იქამდე მივიდა, რომ სუსმა დამიჭირა, გამოყო ვიღაცა გდდ-ს უფროსმა მოწმე და ესეც თანამშრომელი აღმოჩნდა. ციხეში ვზივარ აღქმების გამო, თურმე, კინწისკვრა ყოფილა ძალადობა.

ეს ქვეყანა პოლიტიკოსებისა და პოლიტიკური ლიდერების არ არის, ეს ქვეყანა თითოეული მოქალაქისა და საბრძოლველიც თითოეულისაა.

26 მაისის აქციასთან დაკავშირებით, გამაგებინეთ ეს აქცია არის თუ არ არის? ეს შენიშვნა ან პრეტენზია არ არის. თუ 26 მაისს რამეს აკეთებთ, 26-ჯერ მაინც თქვით ტელევიზორში, გააგებინეთ ხალხს. მე შესაძლოა, ვერ გამოვიდე თქვენთან ერთად, მაგრამ ხალხს მაინც გააგებინეთ. 

სამწუხაროდ, 26 მაისისთვის კამპანია არ გაქვთ, აქტიურობა არ არის. ეს როგორც თქვენი გულშემატკივრის პოზიციაა და არა შენიშვნა. თვე-ნახევარი გავიდა, რაც აქცია დაანონსებულია და ხალხს მეტი შეატყობინეთ", - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ლევან ხაბეიშვილი 2025 წლის 11 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისთვის ქრთამის, ფულის გადაცემის დაპირებას გულისხმობს.