რაში გაიზარდა საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება? ახალ საწარმოებში, რა თქმა უნდა, არა იმიტომ, რომ არაფერი არ გახსნილა, აბა, რაში? ბიტკოინების წარმოებაში, რომელიც ამ ქვეყანაში ძირითადად, ბიძინა ივანიშვილის, ან მისი ხროვის ფულის საკეთებელი დაზგაა, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ ბრიფინგზე განაცხადა. 

მისივე თქმით, ბოლო პერიოდში სხვა ტარიფებთან ერთად დენის ტარიფმა 1/3-ით მოიმატა.

"მე მომივიდა ქვითარი დენის გადასახადის, ხელში მაქვს ერთი ქვითარი იმავე ხარჯვით, ოღონდ შარშანდელი და წლევანდელი, ისევ იმავე ხარჯვით, რომელშიც სხვაობა 20 ლარია. თქვენ იცით, რომ 1/3-ით გაძვირდა დენი, სახელმწიფომ გააძვირა, ოფიციალურად, ეს იმ სახელმწიფომ გააძვირა, ვინც სხვა ფასებს იკვლევს და ეს მოხდა მაშინ, როცა საერთაშორისო ფასი დენის არ გაზრდილა.

სად წავიდა 20 ლარი? - შიდა "მაინინგში" წავიდა ეს 20 ლარი, ეს არის საწარმოები, რომელიც ორია საქართველოში - მსხვილი - ქუთაისის და თბილისის საწარმოები და ორივე არის ბიძინა ივანიშვილის, მასთან დაკავშირებული საწარმოებია. ეს საწარმოები არ იხდის საერთოდ არცერთ გადასახადს, ძალიან ცოტა ადამიანს ასაქმებს, არ ქმნის დოვლათს, ბიძინა ივანიშვილი წერს ფულს და მერე ლექავს უცხოეთის ანგარიშებზე.

იმავენაირად გადაედინება აფხაზეთში დენი. ნაცვლად 40%-ისა, რომელიც უნდა მიდიოდეს ენგურჰესიდან, მიდის 90%. სად მიდის ეს ფული? ეს ფული მიდის იმიტომ, აფხაზებმა არ გადაიხადონ არცერთი თეთრი ელექტროენერგიაში, განსხვავებით ჩვენგან, ვინც 20 თეთრს ვიხდით. არაფერს არ ვერჩი აფხაზ ხალხს, მაგრამ მე ჩემი ხალხის გულის ტკივილი მაქვს, არა პირადი, არამედ ხალხის გულის ტკივილი. ნამეტი 4 ლარი მიდის აქ, სხვაობა, რომელიც ხელშეკრულების დარღვევით მიდის აფხაზეთში, არის 4 ლარი ამ 20 ლარიდან. მარტო ხალხს კი არ მიეწოდებათ, არამედ აფხაზ კრიმინალებს, რომლებიც ზუსტად იმავეს შვრებიან ბიძინა ივანიშვილთან ერთად, იქაც ფულს აკეთებს ბიძინა.

ნარმანიამ, როდესაც ტარიფის გაძვირება შემოიტანა, თქვა, რომ 5-დან 7 ლარამდე გამოდიოდა ქსელის რეაბილიტაციის ინვესტიცია იმიტომ, რომ მოხმარება გაიზარდაო. რაში გაიზარდა საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება? ახალ საწარმოებში, რა თქმა უნდა, არა იმიტომ, რომ არაფერი არ გახსნილა, აბა, რაში? ბიტკოინების წარმოებაში, რომელიც ამ ქვეყანაში ძირითადად, ბიძინა ივანიშვილის, ან მისი ხროვის ფულის საკეთებელი დაზგაა", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.