“ბოლოს აქ გახლდით საქართველოს დემოკრატიული ძალების დელეგაციასთან ერთად, სადაც ასევე იყვნენ ზურაბ ჯაფარიძე და გიორგი ვაშაძე. დღეს ორივე მათგანი გისოსებს მიღმაა. მათ რამდენიმე დღის წინ მიუსაჯეს პატიმრობა მხოლოდ იმ მიზეზით, რომ უარი თქვეს მისულიყვნენ დე ფაქტო, არალეგიტიმური პარლამენტის კომისიაზე, რომლის ერთადერთი მიზანიც დემოკრატიული ოპოზიციის სრული განადგურებაა”, - განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ ევროსაბჭოს ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას.

"ამ კვირაში დაპატიმრებულ იქნა კიდევ ორი პოლიტიკური ლიდერი - მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე. რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთი ლიდერი ნიკა გვარამია ჩასვეს ციხეში. ჩემი პარტიის დამფუძნებელი და ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკვე 3 წელიწადზე მეტია, პატიმრობაშია. არ ვარ დარწმუნებული, რომ შემდეგ სხდომაზე მე ვიქნები თავისუფალი და შევძლებ თქვენთან შეხვედრას.

ჩვენ გვყავს ქალი პოლიტიკური პატიმრები - ჟურნალისტი, მასწავლებელი და სხვა ქალი აქტივისტები.

"ქართული ოცნება" იყენებს სხვადასხვა ინსტრუმენტს ჩემი, როგორც ოპოზიციური ხმის, დასაშინებლად და გასაჩუმებლად. ორი კვირის წინ ჩემი ქმარი იქნა ძალადობრივად გატაცებული 10 საათის განმავლობაში და ემუქრებოდნენ შვილების უსაფრთხოებით. ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ საქართველოს ბელარუსიზაციაზე და სწორედ ეს არის, რასაც ვხედავთ დღეს საქართველოში. ვხედავთ თითქმის ყველა პოლიტიკურ ლიდერს ციხეში, ვხედავთ დრაკონულ კანონებს, რომლებიც მიმართულია თავისუფალი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების განადგურებაზე, ვხედავთ მასობრივ რეპრესიებს და წამებას.

ჩვენ გვესმის, რომ ამ ასამბლეას არ შეუძლია პერსონალური სანქციების დაწესება, მაგრამ უნდა იმოქმედოს ევროკავშირმა, რომლის გადაწყვეტილების ბლოკირება ხდება ამ საკითხზე ორი წევრი სახელმწიფოს მიერ. თუმცა, ევროკავშირის ლიდერებს ესმით, რომ ახლა მოქმედების დროა და მათი გადაწყვეტილებების საბოტირება არ უნდა ხდებოდეს ერთი ან ორი წევრის მიერ, რომლებიც ცდილობენ რუსული მარიონეტული რეჟიმის დაცვას საქართველოში. ამიტომ ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ გამოინახება გზა ამ ვეტოს გადასალახად და სანქციების დასაწესებლად.

ასევე, მოგიწოდებთ თქვენ, როგორც კანონმდებლებს, მოუწოდოთ თქვენს მთავრობებს, დაუწესონ სანქციები ივანიშვილს და მისი რეჟიმის წარმომადგენლებს, რადგან ეს არის გარედან ზეწოლის ერთადერთი გზა. ჩვენი პრინციპული პოზიციებით, განცხადებებით, ჩართულობით და პოლიტიკური პატიმრებისა და დემონსტრანტების მიმართ მტკიცე მხარდაჭერით უნდა ვაჩვენოთ რეჟიმს, რომ მათი პროპაგანდა იმის შესახებ, რომ ევროპამ და შეერთებულმა შტატებმა დაივიწყეს საქართველო და თვალს ხუჭავენ საქართველოში ავტორიტარიზმის ზრდაზე, მცდარია”, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.