შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის მცდელობის ბრალდებით, უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა საბაჟო გამშვებ პუნქტ „ბათუმის პორტში“, ბრალდებულის სახელზე ჩამოსული ავტომობილის დეტალური დათვალიერებისას, სპეციალური სკანერის საშუალებით აღმოაჩინეს მალულად მოთავსებული, 41 შეკვრად დაფასოებული 7 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰაშიში“, რომელიც ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-260-ე და 19-262-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების 20 წლამდე ან უვადო აღკვეთას ითვალისწინებს.