შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის, დიდუბე-ჩუღურეთისა და ძველი თბილისის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით, სხვადასხვა დროს 7 პირი დააკავეს, მათ შორის 4 უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

"დაკავებულებს ბრალად ედებათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვა და რეალიზაციის ხელშეწყობა.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი ბინებისა და ავტომობილის ჩხრეკისას, ასევე, მათ მიერ მითითებული სხვადასხვა ადგილიდან, ნივთმტკიცებად ამოიღეს 71 შეკვრად დაფასოებული, სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: „მეფედრონი“, „ალფა-პვპ“, „მეთადონი“, 1 კილოგრამზე მეტი „მარიხუანა“, აგრეთვე ფსიქოტროპული ნივთიერება „პრეგაბალინი“.

პოლიციის მიერ ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დასაფასოებლად საჭირო მასალები და ფული.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა და 261-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების 20 წლამდე ან უვადო აღკვეთას ითვალისწინებს", - აცხადებენ შსს-ში.