შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი
შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის 2 მოქალაქე - 1966 წელს დაბადებული ჯ.მ. და 1993 წელს დაბადებული მ.მ. დააკავეს.

დანაშაული თავისუფლების 10 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა წითელი ხიდის საბაჟო გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ვალუტის გადამცვლელ ჯიხურში 7 ყალბი 500-ევროიანი კუპიურა გაასაღა.

სამართალდამცველებმა ყალბი კუპიურები  ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.