„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” გამოააშკარავა სავარაუდო ნეპოტიზმისა და ფავორიტიზმის შემთხვევები საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში, სადაც ერთ-ერთი დირექტორის თანამდებობას "ქართული ოცნების" ყოფილი დეპუტატი ვანო ზარდიაშვილი იკავებს და რომელშიც, ხელისუფლებასთან და სასამართლოს კლანის წარმომადგენლებთან დაკავშირებული 6 ადამიანია დასაქმებული, - ამის შესახებ TI-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
"ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ, ვანო ზარდიაშვილი 2013-2016 წლებში გენერალური აუდიტორის მოადგილე, ხოლო 2016-2019 წლებში, საქართველოს პარლამენტის წევრი იყო „ქართული ოცნების“ პარტიული სიით. უნდა აღინიშნოს, რომ 2013-2019 წლებში ზარდიაშვილის ქონება მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამ პერიოდში მან დაახლოებით 1 000 000 ლარის ღირებულების ქონება შეიძინა მაშინ, როდესაც მისი და მისი მეუღლის წლიური შემოსავალი ჯამში დაახლოებით 100 000 ლარს შეადგენდა", - ნათქვამია TI-ს განცხადებაში.
რაც შეეხება ნეპოტიზმის სავარაუდო შემთხვევებს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში:
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ინფორმაციით, ვანო ზარდიაშვილი სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დირექტორთა საბჭოს წევრი და დირექტორია იურიდიულ, გარემოს დაცვის, სოციალურ და ნებართვების საკითხებში. მის დაქვემდებარებში, როგორც ელექტროსისტემების ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციიდან ჩანს, ორი დეპარტამენტია, კერძოდ, იურიდიულ საკითხთა და სემეკ-თან ურთიერთობისა და გარემოს დაცვის, სოციალური საკითხებისა და ნებართვების დეპარტამენტი. ამ ორ დეპარტამენტში ზარდიაშვილთან, ხელისუფლებასთან და სასამართლოს კლანის წარმომადგენლებთან დაკავშირებული 6 ადამიანია დასაქმებული.
1. თამთა თაბუკაშვილი - ვანო ზარდიაშვილის რძალი
თამთა თაბუკაშვილი სახელმწიფო ელექტროსისტემაში გარემოს დაცვის, სოციალური საკითხებისა და ნებართვების დეპარტამენტშია დასაქმებული. იგი ვანო ზარდიაშვილის ცოლის, თინათინ აბრალავას ძმის, გრიგოლ აბრალავას, ცოლია.
2. გიორგი კიკნაძე - ვანო ზარდიაშვილის ოჯახის ახლობელი და ნათესავი
გიორგი კიკნაძე სახელმწიფო ელექტროსისტემაში დირექტორის, ვანო ზარდიაშვილის მოადგილეა. როგორც ცნობილია, ვანო ზარდიაშვილი გიორგი კიკნაძის შვილის ნათლიაა.
3. გიორგი კვარაია - ვანო ზარდიაშვილის ოჯახის ახლობელი და ნათესავი
გიორგი კვარაია სახელმწიფო ელექტროსისტემაში გარემოს დაცვის, სოციალური საკითხებისა და ნებართვების დეპარტამენტშია დასაქმებული.
4. სალომე დათუაშვილი-გვრიტიშვილი - გავლენიანი მოსამართლის, თბილისის სააპელაცო სასამართლოს მოსამართლისა და ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარის დიმიტრი გვრიტიშვილის ცოლი;
სალომე დათუაშვილი გარემოს დაცვის, სოციალური საკითხებისა და ნებართვების დეპარტამენტშია დასაქმებული. იგი საერთაშორისო პროექტების კოორდინატორია.
5. ნიკა მიქაუტაძე - გავლენიანი მოსამართლის, უზენაესი სასამართლოს მოსამართლისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის გიორგი მიქაუტაძის ბიძაშვილი
გიორგი მიქაუტაძე და ვანო ზარდიაშვილი კურსელები და ახლო მეგობრები არიან. გიორგი მიქაუტაძე ერთ-ერთი იყო იმ გავლენიან მოსამართლეთა შორის, რომლებიც ზარდიაშვილს პარლამენტის ეზოს სკვერში ხვდებოდა. როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოსთვის“ გახდა ცნობილი ნიკა მიქაუტაძე, გარემოს დაცვის, სოციალური საკითხებისა და ნებართვების დეპარტამენტშია დასაქმებული, იგი სოციალური საკითხების მართვის სამსახურის უფროსია.
6. გელა ოხანაშვილი - საქართველოს პარლამენტის წევრის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის მამა;
როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსთვის“ გახდა ცნობილი, იგი გარემოს დაცვის, სოციალური საკითხებისა და ნებართვების დეპარტამენტშია დასაქმებული.
➔ რა კავშირი აქვს ვანო ზარდიაშვილს სასამართლოს „კლანთან" და ხელისუფლებასთან?
ვანო ზარდიაშვილი წლების განმავლობაში იუსტიციის უმაღლეს საბჭოს გავლენიან მოსამართლეებსა და ხელისუფლებას შორის საკონტაქტო პირად მიიჩნეოდა. იგი ყველაზე გავლენიანი მოსამართლის მიხეილ ჩინჩალაძის ახლო მეგობარია. ზარდიაშვილი და მიხეილ ჩინჩალაძე მეჯვარეები და ნათელ-მირონები არიან.
● 2016 წელს ვანო ზარდიაშვილი „ქართული ოცნების” სიით პარლამენტში შევიდა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობა დაიკავა. ამის შემდეგ, ის აქტიურად ლობირებდა ისეთ საკანონმდებლო ინიციატივებს, რომელთაც კლანის ძალაუფლების მნიშვნელოვანი ზრდა განაპირობეს.
● 2018 წელს ზარდიაშვილი აქტიურად ლობირებდა საბჭოს მიერ, პროცედურების არარსებობის პირობებში ნომინირებული უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების 10 კაციანი სიის პარლამენტში გატანას. სიაში მოხვედრილი კანდიდატების აბსოლუტური უმრავლესობა სასამართლოში მოქმედი გავლენიანი ჯგუფის ლიდერები, წევრები ან მათი მხარდამჭერები იყვნენ. სიის პირველი ნომერი კი სისტემაში ყველაზე გავლენიანი მოსამართლე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე, მიხეილ ჩინჩალაძე იყო. ამ პროცესს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის იმდროინდელი თავჯდომარე ეკა ბესელია დაუპირისპირდა. საბოლოოდ, ბესელია თანამდებობიდან გადადგა მისი განცხადებით თანამდებობის დატოვებით მან 10 კაციანი სიის განხილვის პროცესი შეაჩერა. ბესელია ამბობდა, რომ მას ირაკლი კობახიძე, ვანო ზარდიაშვილი და რამდენიმე სხვა დეპუტატი მოსამართლეთა კლანის მიერ წარდგენილი სიის დაჩქარებულ რეჟიმში განხილვას და დამტკიცებას სთხოვდა.
● 2018 წლის დეკემბერში ვანო ზარდიაშვილმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა დატოვა.
● 2021 წლის სექტემბერში, TV პირველის ეთერში გავიდა სიუჟეტი, რომლის თანახმადაც არსებობს სავარაუდოდ, სუს-იდან გაჟონილი ფარული ჩანაწერები, სადაც ჩანს, რომ “ქართული ოცნების” დეპუტატები მათთვის სასარგებლო სასამართლო გადაწყვეტილებებს ტელეფონით უკვეთავენ. როგორც სიუჟეტიდან ირკვევა, “ოცნების” დეპუტატები, ამჟამად უკვე ყოფილი დეპუტატის, ვანო ზარდიაშვილის, დახმარებით ახდენენ გავლენას სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებებზე. ამ პროცესში, სავარაუდოდ, საკმაოდ დიდი გავლენა აქვს დეპუტატ მამუკა მდინარაძესაც, რომელიც თავის მხრივ, ვანო ზარდიაშვილის ნათესავია.
➔ რას საქმიანობს დეპუტატობის შემდეგ ვანო ზარდიაშვილი?
● ვანო ზარდიაშვილს საპარლამენტო მანდატი 2019 წლის 12 ნოემბერს შეუწყდა და მალევე, 2 დღეში, შპს ენერგოტრანსის გენერალური დირექტორის პირველ მოადგილედ დაინიშნა. შპს ენერგოტრანსი 2002 წლიდან სახელმწიფო საწარმოს წარმოადგენს. აღნიშნულ თანამდებობაზე, მხოლოდ თვენახევრის განმავლობაში (14.11.2019- 31.12.2019) მისმა სახელფასო შემოსავალმა 22,307 ლარი შეადგინა, მაშინ როდესაც დეპუტატის თანამდებობაზე ყოფნისას მისი წლიური შემოსავალი დაახლოებით 42,585 ლარი იყო.
● 2020 წლიდან, მას შემდეგ რაც ენერგოტრანსი საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას შეუერთდა, იყო მმართველთა საბჭოს წევრი.
● 2021 წელს, ვანო ზარდიაშვილი დაინიშნა სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დირექტორად იურიდიულ, გარემოს დაცვის, სოციალურ და ნებართვების საკითხებში. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის 100% წილის მფლობელი სახელმწიფოა.
➔ ვანო ზარდიაშვილის საქმიანობა ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ:
● 2012-2013 წლებში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ მუშაობდა.
● 2013 წელს გენერალური აუდიტორის პირველ მოადგილედ დაინიშნა და ამ თანამდებობას 2016 წლამდე იკავებდა. გავრცელებული ინფორმაციით მან ამავე პერიოდში აუდიტის სამსახურში დაასაქმა მიხეილ ჩინჩალაძის ცოლი და დედა.
● 2015 წელს ვანო ზარდიაშვილის მეუღლე თინათინ აბრალავა, ლევან მურუსიძის ბრძანებით, იუსტიციის საბჭოს მოსამართლის საქმიანობის შეფასების მართვის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე დაინიშნა და ამ პოზიციას იგი დღემდე იკავებს.
➔ ვანო ზარდიაშვილის საქმიანობა წინა ხელისუფლების პერიოდში:
● 2004-2006 წლებში ზარდიაშვილი ზურაბ ადეიშვილთან ერთად მუშაობდა, ჯერ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აპარატში, შემდგომში ადეიშვილის თანაშემწის პოზიციას იკავებდა სახელმწიფო უშიშროების სამინისტროში. 2004 წლის ივნისიდან კი იყო ზურაბ ადეიშვილის, როგორც გენერალური პროკურორის, მრჩეველი.
● 2010 წლიდან ზარდიაშვილმა სასამართლო სისტემაში გადაინაცვლა. იმავე წელს მისი მეუღლე თინათინ აბრალავა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კონსულტანტად დაინიშნა. აბრალავა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 2010 წლის 1-ლი ივნისიდან სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა.
● 2010-2012 წლებში ზარდიაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს აპარატს ხელმძღვანელობდა. 2012 წელს, წინასაარჩევნო პერიოდში, საქალაქო სასამართლოს მანდატურები ვანო ზარდიაშვილს პოლიტიკურ ზეწოლაში ადანაშაულებდნენ. მათი თქმით, მათ „ქართული ოცნების” აქციაზე წასვლას უკრძალავდნენ, წასვლის შემთხვევაში კი ემუქრებოდნენ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ, ასევე, თხოვდნენ „ნაციონალური მოძრაობის” აქციაზე დასწრებას.
➔ რა ქონებას ფლობს ვანო ზარდიაშვილი
2013-2019 წლებში ვანო ზარდიაშვილის ქონება მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამ პერიოდში ზარდიაშვილმა დაახლოებით 1 000 000 ლარის ღირებულების ქონება შეიძინა, მაშინ, როდესაც მისი და მისი მეუღლის წლიური შემოსავალი ჯამში დაახლოებით 100 000 ლარი იყო.
2013 წელს, როცა ვანო ზარდიაშვილი გენერალური აუდიტორის პირველი მოადგილე იყო, საკუთრებაში 2 ბინა ჰქონდა თბილისში, უკვე 2015 წელს, მის დეკლარაციაში 6 ბინაა ასახული; უნდა აღინიშნოს, რომ ზარდიაშვილის მეუღლე თინათინ აბრალავა 2014 წლიდან ფლობს 5% წილს შპს პენტჰაუზში, თუმცა აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ზარდიაშვილმა მხოლოდ 2020 წლის დეკლარაციაში მიუთითა. პენტჰაუზის საკუთრებაში ირიცხება ქ. თბილისში, ჟიული შარტავას ქუჩის №43-ში, „ოლიმპიური ვარსკვლავის“ საცხოვრებელი კომპლექსში არაერთი უძრავი ქონება.
2016 წლიდან ვანო ზარდიაშვილი საქართველოს პარლამენტის წევრია „ქართული ოცნების“ პარტიული სიით. უკვე 2017 წელს, პარლამენტარ ზარდიაშვილსა და მის მეუღლეს 8 ბინა და 1 კომერციული ფართი აქვთ საკუთრებაში. 2021 წლის ოქტომბერში, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვანო ზარდიაშვილმა, 2019 წელს პარლამენტის დატოვებამდე რამდენიმე თვით ადრე, თბილისში "არტ ჰაუს პლაზას" ცათამბჯენში ბინა შეიძინა, რომლის საბაზრო ფასიც 1 მილიონ 175 ათასი ლარია.