საქართველოს 2024 წელს ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსით ხვდება, თუმცა იქამდე, მთელი წლის განმავლობაში იყო მოლოდინი და ურთიერთბრალდებები, აქციები და პროტესტი სხვადასხვა სფეროში, მკვლელობები საოკუპაციო ხაზთან, პოლიტიკური პროცესები და რაჭის უდიდესი ტრაგედია, რომელიც საქართველოს დიდხანს ემახსოვრება.

გავიხსენოთ მოკლედ 2023 წლის მთავარი მოვლენები:

სამოქალაქო საზოგადოების და ოპოზიციის შეფასებით, კანდიდატის სტატუსი ქართველი ხალხის და იმ პროტესტის დამსახურებაა, რომელიც "უცხოური გავლენის აგენტების“ კანონპროექტს მოჰყვა. პროტესტის ძირითადი მუხტი ახალგაზრდები იყვნენ, რომლებმაც წყლის ჭავლის და ცრემლსადენი გაზის მიუხედავად, აქციები არ შეწყვიტეს იქამდე, ვიდრე მთავრობამ კანონპროექტი უკან არ გაიწვია. პროტესტს დაკავებებიც მოჰყვა, მოგვიანებით გათავისუფლდა თითქმის ყველა ლაზარე გრიგორიადისის გარდა, რომელსაც "მოლოტოვის კოქტეილების გამოყენებასა და პოლიციელებისთვის ცეცხლის წაკიდებაში" ადანაშაულებენ. ის განაჩენს ამ დრომდე საპატიმროში ელოდება. ადვოკატები და ოჯახი აცხადებს, რომ გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ახალგაზრდის შეწყალების თხოვნით მიმართავენ.

სალომე ზურაბიშვილს ხელისუფლების ნების საწინააღმდეგოდ ერთი ასეთი შეწყალება ანგარიშზე უკვე აქვს - მან 22 ივნისს ნიკა გვარამიას შეწყალებას მოაწერა ხელი.

"დღეს მოვაწერე ხელი ნიკა გვარამიას შეწყალების აქტს. ეს გადაწყვეტილება მივიღე იმის შემდეგ, რაც 19 ივნისს ამოიწურა ყველა სამართლებრივი საფეხური, როცა უზენაესმა სასამართლომ არ მიიღო განსახილველად საკასაციო სარჩელი. მე არ ვაპირებ, ამ გადაწყვეტილებაზე რამე ახსნა-განმარტება გაგიზიაროთ, რამე თუ ეს არის ჩემი დისკრეციული უფლება, რომელსაც დღეს ვიყენებ. მინდა, მხოლოდ ის გაგახსენოთ, რაც ასევე ევროპარლამენტში ვთქვი, რომ ასეთი გადაწყვეტილება, პრეზიდენტის დისკრეციული უფლება არ ექვემდებარება ვინმეს ზეწოლას, რჩევას, რეკომენდაციას თუ სხვა ტიპს მუქარას. ეს არის პრეზიდენტის გადაწყვეტილება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა გვარამიას სამი წლითა და ექვსი თვით პატიმრობა 2022 წლის 16 მაისს მიუსაჯა, რაც მაშინვე შეფასდა კანდიდატის სტატუსისთვის ერთ-ერთ ხელისშემშლელ ფაქტორად. საპატიმროს დატოვების შემდეგ ნიკა გვარამია პოლიტიკურად გააქტიურებას აანონსებს.

საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის მინიჭების სურვილით და ამ მიზნით საკუთარი შესაძლებლობების გამოყენებით ახსნა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპის რამდენიმე სახელმწიფოში ვიზიტი, რომელიც მთავრობის ნებართვის გარეშე განახორციელა, საპასუხოდ, ხელისუფლებამ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი დაიწყო, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, იმპიჩმენტი ვერ შედგა - საჭირო 100 ხმის ნაცვლად პარლამენტში ზურაბიშვილის გადაყენების მსურველი მხოლოდ 86 დეპუტატი აღმოჩნდა.

2023 წელი რთული აღმოჩნდა "ნაციონალური მოძრაობისთვის", რომელიც ხანგრძლივი ურთიერთბრალდებების და დაპირისპირებების შემდეგ ყოფილმა თავმჯდომარემ ნიკა მელიამ თავის გუნდთან ერთად დატოვა, პარტია დატოვეს წევრებმა სხვადასხვა საკრებულოებში, პროცესი ჯერ კიდევ გრძელდება. ნიკა მელია კი მომავალი წლიდან ახალი პლატფორმის შექმნას გეგმავს.

რაც შეეხება კიდევ ერთ დიდ პარტიას - მმართველ "ქართულ ოცნებას", წლის ბოლოს პარტია საპატიო თავმჯდომარის სტატუსით დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი დაუბრუნდა. ოპოზიცია აცხადებს, რომ ივანიშვილი პოლიტიკაში სანქციების თავიდან არიდების მიზნით და ქვეყნისთვის ევროკავშირის გზაზე ხელის შეშლის მიზნით დაბრუნდა. თავად ივანიშვილმა კი განაცხადა, რომ ოპოზიციის განადგურების პირობებში, იზრდება რისკები მმართველ გუნდში, ოპოზიციის არარსებობამ მმართველ პარტიას მარტივად შეიძლება თავბრუ დაახვიოს და მოადუნოს.

2023 წლის აგვისტოში საქართველო უდიდესმა ტრაგედიამ შეძრა - მეწყერმა შოვში 33 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. სამოქალაქო სექტორი და ოპოზიცია მიიჩნევს, რომ არსებობს კითხვები, რომელსაც პასუხი უნდა გაეცეს, თუმცა ხელისუფლება აცხადებს, რომ სტიქიის ზონაში მყოფთა დასახმარებლად ყველაფერი გააკეთა.

რაც შეეხება ოკუპაციას, 6 ნოემბერს სოფელ კირბალში რუსმა ოკუპანტებმა აგვისტოს ომის მონაწილე თამაზ გინტური მოკლეს. გინტურის მკვლელობიდან დაახლოებით ერთი თვის შემდეგ კი, აფხაზეთში, გალში, საქართველოს მოქალაქე თემურ კარბაია ბუნდოვან ვითარებაში გარდაიცვალა. მის სიკვდილში კარბაიას ოჯახის წევრები აფხაზეთის ე.წ. მილიციას ადანაშაულებს. მათი თქმით, ე.წ. მილიციელებმა ის შესამოწმებლად გააჩერეს, რის შემდეგაც ფიზიკურად გაუსწორდნენ, მიღებული დაზიანებების შედეგად კი ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა. 2023 წელს ასევე ცნობილი გახდა, რომ რუსეთი ოჩამჩირეში თავისი შავი ზღვის ფლოტისთვის სამხედრო-საზღვაო ბაზას აშენებს. ექსპერტების აზრით, თუ რუსეთი ოჩამჩირეს გამოიყენებს უკრაინაზე თავდასხმისთვის, ან უკრაინა გადაწყვეტს, რომ დაარტყას რუსულ გემებს ოჩამჩირეში, ომი საქართველოს ჩათრევის ალბათობა გაიზრდება.

14 დეკემბერს ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, თუმცა დათქმით, რომ ქვეყანა ცხრა მიმართულებით გადადგამს ნაბიჯებს. ცხრა პირობიდან ნაწილი 2022 წლის ივნისში ევროკომისიის მიერ გაცემულ 12 რეკომენდაციიდან არის, ზოგიერთი კი ახალია, მათ შორის ახალია დათქმა ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციასთან და უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებთან ბრძოლაზე, ასევე ევროკომისია ასევე ყურადღებას ამახვილებს საჭიროებაზე, რომ საქართველომ თავისი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა ევროკავშირისას დაუახლოოს.

იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ბევრი აქვს სამუშაო ევროკავშირის დათქმების შესასრულებლად, 2004 წელს პოლიტიკურ ველზე ახალი პლატფორმების გამოჩენაა დაანონსებული, პოლიტიკაში უკვე მესამედ ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდა, პატიმრობაში რჩება ქვეყნის მესამე პრეზიდენტი, შემოდგომაზე საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს, გრძელდება რუსეთ-უკრაინის ომი, ისრაელის ბრძოლა "ჰამასის" წინააღმდეგ, იგეგმება არჩევნები ევროპარლამენტსა და აშშ, 2024 წელი როგორც საქართველოსთვის, ასევე მსოფლიოსთვის ახალი გამოწვევების და გადალაგების წელი იქნება.