21 ივნისს, ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი სერგეი ტიხანოვსკი და სხვა პოლიტპატიმრები ციხიდან გაათავისუფლეს.

მედიის ცნობით, გათავისუფლება შესაძლებელი გახდა ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის კიტ კელოგის მინსკში ვიზიტის წყალობით. ცნობილია, რომ მან შეხვედრა გამართა ალექსანდრე ლუკაშენკოსთან.

კელოგის მოადგილემ ჯონ კოულმა, განაცხადა, რომ ბელარუსმა ტრამპის თხოვნით 14 პატიმარი გაათავისუფლა.

"პრეზიდენტ ტრამპის ძლიერი ხელმძღვანელობის წყალობით, დღეს ბელორუსიიდან 14 პატიმარი გაათავისუფლეს. მადლობა ლიეტუვის მთავრობას თანამშრომლობისა და დახმარებისთვის - ისინი ნამდვილ მეგობრებად და მოკავშირეებად რჩებიან“, - დაწერა კოულმა სოციალურ ქსელში.

ტიხანოვსკის გარდა, გათავისუფლებულებს შორისაა "რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტი იგორ კარნი. ყველა მათგანი ვილნიუსში გადაიყვანეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ოპოზიციონერმა ტიხანოვსკიმ ბელორუსია უკვე დატოვა. სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრები, თუ როგორ შეხვდნენ მას ავტობუსიდან გადმოსვლისას.

სერგეი ტიხანოვსკი 46 წლისაა. ის 2020 წელს დააკავეს, როდესაც საპრეზიდენტო კანდიდატი იყო, რის შემდეგაც მისი მეუღლე სვეტლანა ტიხანოვსკაია კანდიდატი გახდა, ხოლო სერგეი, დაპატიმრების შემდეგ, კამპანიას შეუერთდა, როგორც მისი შტაბის უფროსი და რწმუნებული. ტიხანოვსკაიას მხარდამჭერმა პიკეტებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით უამრავი ადამიანი მიიზიდა.

2021 წლის დეკემბერში მას ოთხი პოლიტიკური მუხლით თავისუფლების 18 წლით აღკვეთა მიესაჯა მკაცრი რეჟიმის კოლონიაში.

მოგვიანებით, მის სასჯელს კიდევ წელიწად-ნახევარი დაემატა კოლონიის ადმინისტრაციისადმი თითქოს დაუმორჩილებლობისთვის. სერგეი ტიხანოვსკიმ კატეგორიულად უარი თქვა დანაშაულის აღიარებაზე.

ტიხანოვსკი სრულ იზოლაციაში იმყოფებოდა მსოფლიოსგან. მის შესახებ ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში არანაირი ინფორმაცია არ არსებობდა.