ცენტრალურ მიანმარში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქში, მანდალაიში რამდენიმე შენობა ჩამოინგრა. ბიძგები იგრძნობოდა ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკშიც.

შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის (USGS) ცნობით, მიწისძვრა 10 კმ სიღრმეზე იყო და მას ძლიერი ბიძგები მოჰყვა. მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ მანდალაიდან დაახლოებით 17.2 კილომეტრში იყო, სადაც დაახლოებით 1.5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.

მიანმარის სახანძრო სამსახურის ოფიცრის ინფორმაციით, ისინი მსხვერპლისა და ზარალის შესამოწმებლად სამძებრო სამუშაოებს ატარებენ, თუმცა ჯერჯერობით ინფორმაცია არ აქვთ.

ჩინეთის საინფორმაციო სააგენტო Xinhua-ს ცნობით, ძლიერი ბიძგები იგრძნობოდა სამხრეთ-დასავლეთ იუნანის პროვინციაშიც, რომელიც მიანმარს ესაზღვრება, მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.