რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. მეორე ტურში მონაწილეობენ ულტრამემარჯვენე ფრთის ლიდერი ჯორჯე სიმიონი, რომელიც პირველ ტურში ხმების 40.94%-ით პირველ ადგილზე გავიდა და დამოუკიდებელ კანდიდატი, ბუქარესტის ამჟამინდელი მერი ნიკუშორ დანი, რომელსაც პირველ ტურში ამომრჩეველთა 20.99%-მა დაუჭირა მხარი.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე რამდენიმე დღით ადრე ჩატარებულმა გამოკითხვებმა აჩვენა, რომ კანდიდატებს დაახლოებით თანაბარი მხარდაჭერა აქვთ, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ეს გამოკითხვები არ ითვალისწინებდა დიასპორის ხმებს.

ადგილობრივი ექსპერტები აცხადებენ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგი დამოკიდებული იქნება ამომრჩეველთა აქტივობასა და საზღვარგარეთ მცხოვრები რუმინელების ხმებზე.

არჩევნების პირველი ტური რუმინეთში 4 მაისს გაიმართა.

რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის ნოემბერშიც ჩატარდა. მაშინ არჩევნებში დამოუკიდებელმა მემარჯვენე კანდიდატმა კალინ ჯორჯესკუმ გაიმარჯვა, თუმცა რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გააუქმა. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა განაცხადეს, რომ შედეგის ბათილად ცნობის გადაწყვეტილება მიიღეს სადაზვერვო დოკუმენტების საფუძველზე, რომლებიც არჩევნების პირველ ტურზე რუსეთის გავლენას ადასტურებს.