ხვიჩა კვარაცხელია საფრანგეთის ჩემპიონია. იანვარში „პარი სენ-ჟერმენში“ გადასულმა ქართველმა ფეხბურთელმა ჩემპიონატის ბოლო ტურში „ოსერთან“ დუბლი შეასრულა და უმაღლესი შეფასება, 10 ქულა მიიღო.

აღსანიშნავია, რომ 24 წლის ფეხბურთელი ისტორიაში მე-14 მოთამაშეა, რომელმაც კარიერის მანძილზე იტალიისა და საფრანგეთის ჩემპიონატები მოიგო.

კვარაცხელია „ნაპოლისთან“ ერთად 2023 წელს სკუდეტოს გამარჯვებული გახდა. მას შესაძლებლობა აქვს, ამ ტიტულს წელსაც დაეუფლოს, რადგან სერია A-ს დასრულებამდე ორი ტურით ადრე „ნაპოლი“ პირველ ადგილზეა და „ინტერს“ ერთი ქულით ასწრებს. ქართველმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში, საფრანგეთში გადასვლამდე იტალიური გუნდის რიგებში 17 მატჩი ჩაატარა, ხუთი გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა.

რაც შეეხება „პარი სენ-ჟერმენში“ მის სტატისტიკას, საქართველოს ნაკრების ლიდერმა 14 შეხვედრაში ოთხი გოლი და სამი საგოლე გადაცემა ჩაიწერა აქტივში.

უახლოესი ორი თვის მანძილზე ხვიჩა კვარაცხელიას კიდევ სამი ტიტულის დაუფლების შანსი აქვს – „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის და საფრანგეთის თასის ფინალშია გასული, ასევე ითამაშებს ფიფას მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე აშშ-ში.

ფეხბურთელები, რომლებმაც კარიერის მანძილზე იტალიისა და საფრანგეთის ჩემპიონატები მოიგეს:

ზლატან იბრაჰიმოვიჩი („ინტერი“/„მილანი“, პსჟ)
ჯანლუიჯი ბუფონი („იუვენტუსი“, პსჟ)
ადრიენ რაბიო („იუვენტუსი“, პსჟ)
აშრაფ ჰაკიმი („ინტერი“, პსჟ)
კინგსლი კომანი („იუვენტუსი“, პსჟ)
ბლეზ მატუიდი („იუვენტუსი“, პსჟ)
მაქსველი („ინტერი“, პსჟ)
დანი ალვეში („იუვენტუსი“, პსჟ)
ტიაგო მოტა („ინტერი“, პსჟ)
ჟან-პიერ პაპინი („მილანი“, „მარსელი“)
დავიდ ტრეზეგე („იუვენტუსი“, „მონაკო“)
ოლივერ ბირჰოფი („მილანი“, „მონაკო“)
დიდიე დეშამი („იუვენტუსი“, „მარსელი“)
ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“, პსჟ)