ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის ოჯახი მკვლელობის დამკვეთის ვინაობის დადგენას ითხოვს. 

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ განაცხადა, ჯანგველაძის მკვლელობა იყო შეკვეთილი და ბრალდებულ უძილაურს მოკლულთან არასდროს, არანაირი კვეთა არ ჰქონია.

"მკვლელობის იარაღი არ არის ამოღებული და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი მტკიცებულება იქნებოდა, არ არის ამოღებული ის ტელეფონი, რომელსაც იმ დღეს, მათ შორის, დანაშაულის ჩადენის დროსაც გელა უძილაური იყენებდა და აშკარად ჩანს ვიდეოკამერების ჩანაწერებში, კონკრეტულ ქმედებებს სხვა პირებს უთანხმებს.

მიუხედავად იმისა, რომ ის გარდაცვლილს, დაზარალებულს არ მიყვებოდა, ის ვიღაცისგან იღებდა ინფორმაციებს იმასთან დაკავშირებით, თუ როდის უნდა ჩამოფრენილიყო თბილისში, როდის უნდა ყოფილიყო აეროპორტში, როდის უნდა დაეტოვებინა აეროპორტი და როდის უნდა მისულიყო ჭავჭავაძის ქუჩაზე. ანუ, ის უკვე იღებდა ინფორმაციებს და ის იყო მომზადებული ყველა ამ ნაბიჯთან დაკავშირებით.

ეს არის შეკვეთილი მკვლელობა და გელა უძილაურს თვითონ, თავისი გადაწყვეტილება არ მიუღია. არანაირი პირადი მოტივი არ არსებობდა, არანაირი კონფლიქტი მათ არ ჰქონიათ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არათუ კონფლიქტი, არამედ არანაირი ურთიერთობა, არანაირი გადაკვეთა არასდროს, ლევან ჯანგველაძეს და გელა უძილაურს შორის არ ყოფილა.

მისი ტელეფონი, მისი იარაღი რომ ყოფილიყო ამოღებული, ჩვენ მივიღებდით უმნიშვნელოვანეს ინფორმაციებს, მისი მობილური ტელეფონი, რომლითაც ის მესიჯობდა, უამრავ ზარს ახორციელებდა და კონკრეტულ ნაბიჯებს უთანხმებდა სხვა პირებს. რა თქმა უნდა, ამის შემდეგ უკვე ნამდვილად გავცემდით პასუხს კონკრეტულ კითხვაზე, იმ კითხვაზე, რომელზეც დღეის მდგომარეობით, ორი თვის შემდეგ პასუხები არ გვაქვს,", - განაცხადა ტარიელ კაკაბაძემ.

ე.წ კანონიერი ქურდის მერაბ ჯანგველაძის ძმა ლევან ჯანგველაძე თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე 14 მარტს გვიან ღამით მოკლეს. მას ქვეითთა გადასასვლელთან რამდენჯერმე ესროლეს. ლევან ჯანგველაძე თბილისში რამდენიმე დღით იყო ჩამოსული და ის დაცვის თანხლებით გადაადგილდებოდა. მომხდარის შედეგად დაიჭრა ჯანგველაძის თანმხლები პირიც.

პოლიციამ ბრალდებული გელა უძილაური 17 მარტს დააკავა. უძილაურს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19.109-ე მუხლის „ბ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა ჩადენილი ორის პირის მიმართ, ისეთი საშუალებით რომელიც საფრთხეს უქმნის სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას) და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება)  წარედგინა, რაც თავისუფლების 16-დან 20 წლამდე ან უვადოდ აღკვეთას ითვალისწინებს.