ტრამპის ადმინისტრაცია ირანისგან მის ბირთვულ ობიექტებზე დარტყმებისთვის საპასუხო ზომებს ელის. პასუხი მომდევნო 48 საათის განმავლობაშია მოსალოდნელი, - ამის შესახებ NBC News წერს.

ორი თავდაცვის ჩინოვნიკის და თეთრი სახლის მაღალი რანგის ჩინოვნიკის თქმით, ტრამპი ირანის მხრიდან პოტენციური საპასუხო რეაგირებისთვის ემზადება, რაც განსაკუთრებით შემაშფოთებელია.

წყაროების ცნობით, გაურკვეველი რჩება, მიმართული იქნება თუ არა საპასუხო ზომები საზღვარგარეთ, შიდა სამიზნეებზე, თუ ორივეზე.

ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმირებულმა ორმა ოფიციალურმა პირმა ამ კვირის დასაწყისში განაცხადა, რომ ირანს უკვე აქვს გეგმები, საჭიროების შემთხვევაში, ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის ბაზებსა და ობიექტებზე თავდასხმა განახორციელოს.

აშშ-ის ბაზები და ობიექტები ბოლო თვეების განმავლობაში ყველაზე მაღალ საბრძოლო მზადყოფნაშია. თუმცა, მას შემდეგ, რაც ისრაელმა 13 ივნისს ირანს დაარტყა, შეშფოთება ირანის ან მისი მოკავშირეების მიერ რეგიონში ამერიკულ სამიზნეებზე პოტენციური თავდასხმების შესახებ კიდევ უფრო გაიზარდა.

აშშ-მა იერიშები მიიტანა ირანის სამ ძირითად ბირთვულ ობიექტზე ფორდოში, ნათანზსა და ისპაანში. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ეს ობიექტები "მთლიანად განადგურდა“. ის ასევე დაემუქრა ირანს ახალი თავდასხმებით.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ შეერთებულმა შტატებმა "გააკეთა ის, რაც სხვა ვერცერთმა ქვეყანამ ვერ შეძლო" და მადლობა გადაუხადა ტრამპს.

საპასუხოდ, ირანმა 22 ივნისის დილით ისრაელზე სარაკეტო დარტყმა განახორციელა.