რუსები ბევრს საუბრობენ ცეცხლის შეწყვეტისთვის მზადყოფნაზე, სინამდვილეში კი ისინი მხოლოდ შეერთებულ შტატებს და მთელ მსოფლიოს ატყუებენ თავდასხმების გაძლიერებით და ომის გახანგრძლივების მცდელობით, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

ზელენსკის თქმით, რუსული არმიის მხრიდან რეალური სიჩუმისთვის მზადება ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა.

როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რუსებმა თავისი განცხადებების მიუხედავად, აღდგომის შემდეგ განაახლეს ჩვეული თავდასხმების აქტივობა და მნიშვნელოვანი დანაკარგების ფასად, წინსვლას ცდილობენ.

"ფრონტზე ასეთი ბრძოლების ყოველი დღე საკმაოდ ნათლად ადასტურებს, რომ რუსეთი რეალურად ცდილობს მსოფლიოს მოტყუებას - ამერიკის და სხვების მოტყუებას და ამ ომის კიდევ უფრო გახანგრძლივებას“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, აუცილებელია რუსეთის ფედერაციაზე ზეწოლის გაძლიერება, რათა რუსებმა "გადადგან ყველა ნაბიჯი, გააკეთონ ყველაფერი, რაც საჭიროა ომის შესაჩერებლად".

"გუშინდელმა შეხვედრებმა ვატიკანსა და რომში დაადასტურა, რომ ჩვენი პარტნიორები ხვდებიან, რა ხდება. უკრაინა მზადაა დიპლომატიურ საკითხებში რაც შეიძლება სწრაფად იმოძრაოს", - აღნიშნა ზელენსკიმ.