შეიძლება შეაჩერონ დროებით, დააყენონ გარკვეული პირობები და ამ პირობების შესრულების შემთხვევაში, აღადგენენ ვიზალიბერალიზაციას, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პირობების არშესრულების შემთხვევაში დადგება ვიზალიბერალიზაციის გაუქმების საკითხი.

"საუბარი იმაზე, რომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხი შეიძლება დადგეს, დიდი ხანია არის, მას ასე სწრაფად ვერაფერი ჩაანაცვლებს. რამდენიმე რაღაცაა, რაც მნიშვნელოვანია, მოქალაქეებმა იცოდნენ - ამ შემთხვევაში საუბარია შეჩერება-არშეჩერებაზე და არა გაუქმებაზე. შეჩერება ნიშნავს, რომ ეს შეიძლება იყოს 6-9 თვით და ყენდება პირობები, რომ ამ პერიოდში ეს უნდა გააკეთო. შეიძლება შეაჩერონ დროებით, დააყენონ გარკვეული პირობები და ამ პირობების შესრულების შემთხვევაში, აღადგენენ ვიზალიბერალიზაციას. თუ არ შესრულდა ეს პირობები, მაგის შემდეგ დადგება გაუქმების საკითხი. ამას არ სჭირდება 27 ქვეყნის კონსენსუსი, ამას 15 ქვეყნის მხარდაჭერა სჭირდება, რომელშიც უნდა ცხოვრობდეს ევროკავშირის მოსახლეობის 65%-ზე მეტი", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.