რუსეთი ფრონტზე დანაკარგების ახალ პიკს უახლოვდება, ეს წელი შესაძლოა, მოსკოვისთვის სამხედრო დანაკარგების მხრივ რეკორდული გახდეს, - ინფორმაციას ბრიტანეთის დაზვერვა აქვეყნებს.

ანალიტიკოსების შეფასებით, 2022 წელს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან რუსეთს დაახლოებით 950 000 დაღუპული და დაჭრილი ჯარისკაცი ჰყავს. ამავდროულად, 2025 წლის პირველი ოთხი თვის განმავლობაში რუსეთმა, დაახლოებით 160 000 ჯარისკაცი დაკარგა.

"თუ დანაკარგების ეს ტემპი 2025 წლის ბოლომდე გაგრძელდება, ეს წელი დანაკარგების თვალსაზრისით ომის ყველაზე ძვირად ღირებული წელი იქნება და გააგრძელებს წლიდან წლამდე დანაკარგების ზრდის ტენდენციას“, - აღნიშნულია ანგარიშში.

უკრაინის გენერალური შტაბის მონაცემებით, რუსების საშუალო დღიური დანაკარგები 2025 წლის აპრილში 1200-ზე ოდნავ მეტი ადამიანი იყო, ხოლო თვის განმავლობაში - 36 ათასი ადამიანი.

მარტში რუსეთის ფედერაციის საშუალო დღიური დანაკარგები დაახლოებით 1300 ადამიანი იყო. რუსეთის ყველაზე მძიმე დანაკარგები 2024 წლის ბოლოს დაფიქსირდა (თითქმის 1600 ადამიანი დღეში), როდესაც რუსეთმა ახალი ტერიტორიების მიტაცება სცადა.

„2025 წელს რუსეთმა ვერ შეძლო მუდმივი მძიმე დანაკარგების უკრაინაში მნიშვნელოვან წარმატებებად გადაქცევა“, - აღნიშნავს ბრიტანული დაზვერვა.