რუსეთის მტკიცებები კუპიანსკთან და პოკროვსკთან ახლოს უკრაინული ჯარების ალყაში მოქცევის შესახებ სრული ტყუილია, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

დღეს რუსმა გენერლებმა პუტინს მოახსენეს, რომ მათმა ჯარებმა, თითქოს, პოკროვსკის და კუპიანსკში 5000-მდე უკრაინელი ჯარისკაცი ალყაში მოაქციეს, თუმცა ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

"ეს სრული ტყუილია. და არა პირველი“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მან აღნიშნა, რომ ასეთი ცნობების მიზანი პანიკის დათესვაა, თუმცა ამჯერად, ყალბი ამბები შეერთებული შტატებისკენაა მიმართული და ქმნის შთაბეჭდილებას, რომ რუსეთი თითქოს, ბრძოლის ველზე იმარჯვებს.

ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ მას აქვს უახლესი ინფორმაცია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბისა და მთავარსარდლის ალექსანდრ სირსკისგან.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ამ კვირაში კუპიანსკისა და პოკროვსკის მახლობლად რუსეთის აქტივობა წინა პერიოდებთან შედარებით ერთნახევარ-ორჯერ ნაკლები იყო.

გარდა ამისა, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები აკონტროლებენ სიტუაციას და ასეთი ცნობები კრემლის დეზინფორმაციული მანევრების გარდა სხვა არაფერია.