ქართველი ხალხი ბრძენია და ქართველმა ხალხმა იცის, როგორ უნდა მიიყვანოს ერთწლიანი ბრძოლა ბოლომდე, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, რეჟიმმა უკვე წააგო და მისი დღეები დათვლილია.

"2024 წლის 26 ოქტომბრიდან გავიდა ზუსტად ერთი წელი. ერთი წელი, რაც ეს ხელისუფლება არის არალეგიტიმური და ვერაფრით ვერ მოიპოვა ლეგიტიმურობა. ვერც თავისი მცდელობებით, რომ ვიღაცებს ხელი ჩამოართვან, სადაც შეძლეს, ვერც იმით, რომ ვიღაცები შეიყვანეს პარლამენტში ან აპირებენ, რომ შეიყვანონ. ვერაფერი ვეღარ უშველის რეჟიმს, რომელიც დაამკვიდრა თავისი არალეგიტიმურობა, როცა ჩაატარა რუსული არჩევნები. ერთი წელი გავიდა ერთი რუსული სცენარიდან მეორე რუსულ სცენარამდე. 4 ოქტომბერს სცადა რეჟიმმა, რომ შეეტყუებინა ხალხი იმ რაღაც აბსურდულ სცენარში, რომელიც რუსული სპეცსამსახურების ტვინში შეიძლება, ყოფილიყო მოხარშული, მაგრამ, ქართველი ხალხი ბრძენია და ქართველმა ხალხმა იცის, როგორ უნდა მიიყვანოს ერთწლიანი ბრძოლა ბოლომდე.

რა გამოჩნდა ამ ერთი წლის მანძილზე? გამოჩნდა, რომ საზოგადოების, ქართველი ხალხის მხარეს არის პირველ რიგში, არნახული სოლიდარობა. საკმარისია ნახოთ, რა სისწრაფით გროვდება თანხა ჯარიმებისთვის, საკმარისია ნახოთ, როგორ ყოველ სასამართლოზე არიან ადამიანები, რომლებიც იქ დგანან და არავის ტოვებენ მარტო. სამაგიეროდ, ამ რეჟიმის წარმომადგენლები როცა არიან ციხის წინაშე და სასამართლოზე, ძალიან მარტონი არიან. არავინ მათ გვერდზე არ დგება და არ უცხადებენ სოლიდარობას, თუნდაც ფბ პოსტებით", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 

მისივე თქმით, რეჟიმმა ბრძოლა უკვე წააგო და გამარჯვება აუცილებლად ძალიან მალე იქნება.

"ამ რეჟიმმა უკვე წააგო, უკვე არ აქვს არანაირი საფუძველი, რომ გააგრძელოს. მისი დღეები დათვლილია და ჩვენ ვალდებული ვართ, რომ კიდევ ცოტა გავუძლოთ. ძალიან მალე იქნება ნამდვილი, ბოლომდე გამარჯვება!", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.